ახალი ამბები

საფრანგეთის არჩევნებში ლე პენის პარტია ლიდერობს

1 ივლისი, 2024 •
საფრანგეთის არჩევნებში ლე პენის პარტია ლიდერობს

საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველ რაუნდში, წინასწარი მონაცემებით, მარინ ლე პენის პარტია „ეროვნული ერთობა” ლიდერობს.

როგორც BBC წერს, „ეროვნულ ერთობას“ საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ხმათა 33.1% აქვს, მას მემარცხენე ალიანსი მოსდევს (28%), პრეზიდენტ მაკრონის გუნდმა კი 20.76% მიიღო:

„მე ვგეგმავ ვიყო ყველა ფრანგის პრემიერ-მინისტრი, თუ ფრანგი ხალხი მხარს დამიჭერს“, — თქვა „ეროვნული ერთობის“ პრემიერობის კანდიდატმა 28 წლის  ჯორდან ბარდელამ წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ.

BBC წერს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ულტრამემარჯვენე პარტიამ საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ რაუნდში ხმათა უმრავლესობის მოპოვება შეძლო. ახლა ლე პენისა და ბარდელას მიზანი პარლამენტში 577 მანდატიდან 289-ის მოპოვებაა, რაც მათ უმრავლესობის დაკომპლექტების შესაძლებლობას მისცემს, თუმცა წინ არჩევნების მეორე რაუნდია, რომელიც 7 ივლისს უნდა გაიმართოს.

BBC აღნიშნავს, რომ მანდატების უმრავლესობის მოპოვების გარეშე, საფრანგეთს არაქმედითი პარლამენტი ეყოლება და ლე პენის პარტია ვერ შეძლებს ემიგრაციასა და საგადასახადო ცვლილებებზე სასურველი რეფორმების გატარებას.

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ორ ეტაპად იმართება. თუ მაჟორიტარობის კანდიდატი პირველ ტურში ვერ ახერხებს უმრავლესობის (50%-ზე მეტი) მოპოვებას, იმართება მეორე ტური.

არჩევნების პირველი ტურის წინასწარ შედეგებს გამოეხმაურნენ მემარცხენე ალიანსშიც. ჟან-ლუკ მელანშონმა განაცხადა, რომ ცალსახაა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ემანუელ მაკრონის თანაგუნდელი, გაბრიელ ატალი ვერ შეინარჩუნებს, თუმცა მიიჩნევს, რომ მარინ ლე პენის პარტიამ აღარცერთი ხმა არ უნდა მიიღოს.


საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნების დანიშვნა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მისი პარტია 6-9 ივნისს გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში დამარცხდა. 

“ისე ვერ მოვიქცევი, თითქოს არაფერი მომხდარა”, – განაცხადა მაკრონმა, როცა მისი კონკურენტის, მარინ ლე პენის პარტიამ მასზე 2-ჯერ მეტი ხმა მიიღო.

რომ არა მაკრონის ეს გადაწყვეტილება, საფრანგეთის პარლამენტი ჯერ კიდევ მოქმედი შემადგენლობით 2027 წლამდე იმუშავებდა.

ჯამში, 577 მანდატია გასანაწილებელი. უმრავლესობის მოსაპოვებლად ნახევარი, 289 მანდატის მიღებაა საჭირო. თუმცა სავარაუდოა, რომ ამისთვის ხმათა საკმარის რაოდენობას ვერც ერთი პარტია ვერ მიიღებს. უფრო მეტიც, არჩევნების შედეგები არა ერთი, არამედ ორი ტურის შემდეგ გადაწყდება. მეორე ტური, სავარაუდოდ, 7 ივლისს გაიმართება.

ულტრამემარჯვენე ჯგუფების გააქტიურების გამო, ვარაუდობენ, რომ ყველაზე მეტ ხმას სწორედ მარიან ლე პენის პარტია, “ეროვნული ერთობა” მიიღებს. ამ შემთხვევაში მათ ისტორიაში პირველად ექნებათ შესაძლებლობა, დააკომპლექტონ საფრანგეთის მთავრობის დიდი ნაწილი. რაც შეეხება მოქმედ პრეზიდენტსა და მის პარტიას “ერთად”, ექსპერტთა ვარაუდით, შესაძლოა, მე-2 ადგილზეც კი ვერ გავიდეს. წინასწარი გამოკითხვებით, მას უსწრებს ცოტა ხნის წინ შექმნილი მემარცხენეთა გაერთიანება “ახალი სახალხო ფრონტი”.

ამ ფონზე მოსალოდნელია, რომ საფრანგეთის პარლამენტის ახალ შემადგენლობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ულტრამემარჯვენე ლე პენისა და მკვეთრად მემარცხენე “სახალხო ფრონტის” წარმომადგენლები.

ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს საპარლამენტო არჩევნები, ის თანამდებობაზე თავისი საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე დარჩება, რომელიც 2027 წელს იწურება.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი