ახალი ამბები

ომბუდსმენი პროკრატურას მოუწოდებს, აუდიოჩანაწერების გავრცელებაზე გამოძება დაიწყოს

3 ნოემბერი, 2015 • 991
ომბუდსმენი პროკრატურას მოუწოდებს, აუდიოჩანაწერების გავრცელებაზე გამოძება დაიწყოს

ომბუდსმების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მოცემულ საქმეებზე შესაბამისი უწყებების მიერ განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგს აწარმოებენ.

 

24 და 29 ოქტომბერს უკრაინული გამოცემების საშუალებით გავრცელდა ფარული აუდიოჩანაწერები, რომელშიც ასახულია საქართველოს ექს–პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას, საქართველოს ექს–პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და პოლიტიკური  გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივნის გიგა ბოკერიას სატელეფონო საუბრები. მოგვიანებით კი გამოქვეყნდა მიხეილ სააკაშვილსა და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას, საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მომღერალ სოფო ნიჟარაძეს შორის არსებული სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერები.

 

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული აუდიოჩანაწერების ინტერნეტ–სივრცეში განთავსება უკრაინული ბლოგებიდან განხორციელდა, არ შეიძლება უგულებელყოფილ იქნას საზოგადოების მაღალი ინტერესი, საქართველოს სამართალდამცავ უწყებათა მიერ ჩანაწერების მოპოვების კანონიერების დადგენისა და მათ მიერვე ამ ჩანაწერების შესაძლო გასაჯაროების ეჭვების გამოსარიცხად. ამ დრომდე საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციიდან გაურკვეველია, წარმოადგენს თუ არა მედიით გავრცელებული კადრები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ოპერატიული თუ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლოს კოდექსის 315–ე მუხლით დაიწყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 24 ოქტომბერს დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამსახური შეისწავლის მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობასა და ავთენტურობას.

 

“სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი მოითხოვს, რომ სახელმწიფო საკუთარ რესურსებს იყენებდეს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. ადამიანის პირად სივრცეში სახელმწიფოს შეჭრის პროცესი მთლიანად უნდა ექცეოდეს კანონით დადგენილ ჩარჩოებში, რომლის ერთ–ერთ ფორმას მსგავს ჩარევაზე სასამართლო ხელისუფლების კონტროლის მექანიზმი წარმოადგენს,”– აცხადებს ომბუდსმენი. 

 

ომბუდსმენის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1432 და 1433 მუხლები ადგენს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, მათ შორის სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება/ჩაწერის წესს, რომლის თანახმადაც, ის ტარდება მხოლოდ და მხოლოდ შემდეგი წინაპირობების არსებობისას: 1. დაწყებულია გამოძიება ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა განზრახ მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ფაქტზე, ან სხვა იმ დანაშაულებზე, რომლებსაც კონკრეტულად და ამომწურავად განსაზღვრავს სსსკ-ის 1433 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი. 2. არსებობს  პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე გამოტანილი მოსამართლის განჩინება, რომელშიც მითითებულია ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ფორმალურ–მატერიალური საფუძვლები.

 

ომბუდსმენის განცხადებით, გადაუდებელი აუცილებლობისას შესაძლებელია მოსამართლის განჩინების გარეშე დაიწყოს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, თუმცა აუცილებელია პროკურორის მოტივირებული დადგენილების არსებობა, რომელიც გადაუდებელ აუცილებლობას ასაბუთებს; თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც, კანონიერების შემოწმების მიზნით პროკურორმა მისი დაწყებიდან 24 საათში უნდა მიმართოს სასამართლოს, რომელიც ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას ამოწმებს შუამდგომლობის წარდგენიდან 24 საათში. კანონიერი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალის გასაჯაროება წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.


გარდა ამისა,  ომბუდსმენი აცხადებს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების შესაბამისად, ფარული ჩანაწერების წარმომავლობის და გავრცელების გამოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 315–ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველს არასაკმარისად მიაჩნია.

 

“იმის გათვალისწინებით, რომ ამ დრომდე უცნობია, ახორციელებდა თუ არა რაიმე სახის ფარულ-საგამოძიებო მოქმედებებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 24 ოქტომბერს თუ მას შემდეგ გავრცელებულ სატელეფონო საუბრებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ 315-ე მუხლით დაწყებული გამოძიების პარალელურად, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება გავრცელებული აუდიოჩანაწერების მოპოვების კანონიერებისა და ამ ჩანაწერების გასაჯაროების ფაქტის გამოსაკვლევად. სხვა მხრივ ვერ იქნება უზრუნველყოფილი გარეშე დამკვირვებლის ნდობა ჩატარებული გამოძიების მიმართ,”– განაცხადა სახალხო დამცველმა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი