ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველო-ესპანეთის მატჩზე დასასწრებად ქართველი გულშემატკივრისთვის დანიშნულ ჩარტერულ რეისებზე ყველა ბილეთი გაყიდულია.
ინფორმაცია ბილეთების სუბსიდირების გაგრძელების შესახებ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა. ფრენები თბილისი – კიოლნი – თბილისის მიმართულებით განხორციელდება და ერთი გზის ღირებულება 195 ევრო იყო.
სუბსიდირებულ რეისებს ორი ავიაკომპანია, „ჯორჯიან ეარვეისი“ და „ჯორჯიან ვინგსი“ შეასრულებენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩარტერები შესრულდება 29 და 30 ივნისს, ხოლო 2 ივლისს ქართველი გულშემატკივრები შეძლებენ გერმანიიდან საქართველოში დაბრუნებას:
„ჩარტერულ რეისებს შეასრულებენ ავიაკომპანიები: „ჯორჯიან ეარვეისი“ და „ჯორჯიან ვინგსი“.
სუბსიდირებული ავიაბილეთით სარგებლობას საქართველოს ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც ფეხბურთის მატჩზე დასასწრებ ბილეთებს ფლობენ. ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ პორტალზე TKT.GE“ — ვკითხულობთ ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ განცხადების გავრცელებიდან ნახევარ საათში TKT.GE-ზე კიოლნის მიმართულებით და უკან ყველა ბილეთი გაიყიდა.