“ჯერ უნდა ავხსნათ, რის შეჩერებასთან გვაქვს საქმე, – სამოქალაქო საპროცესო კოდექსში არსებობს 268-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს იმ დავების ჩამონათვალს, რომელზეც გადაწვეტილება შესაძლებელია მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. მაგალითად, დავა გამომდინარე შრომითი ურთიერთობიდან, ალიმენტის დაკისრებაზე. აქვე არსებობს, “ზ” პუნქტი, რომელიც ზოგადი ხასიათის ჩანაწერი იყო და იძლეოდა საშუალებას, რომ ნებისმიერ დავაზე გადაწყვეტილება მიქცეული ყოფილიყო დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამ შემთხვევაში მოხდა ამ კონკრეტული პუნქტის შეჩერება. თეორიულად კი ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი ორი სუბიექტი ერთმანეთში დავობს, პირველ ინსტანციაში მოგებულ მხარეს აღარ შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქციოს. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ რეალობა, რამდენად ხშირად იყო გამოყენებული ეს პუნქტი. ზოგადი პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ეს იყო ძალიან იშვითად გამოყენებული პუნქტი”, – განმარტავს იურისტი.
შესაბამისად, როგორც დავით კლდიაშვილი აცხადებს, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება კერძო ბიზნესზე თეორიულ დონეზე გავლენას მოახდენს, მაგრამ რეალობაში ეს ნაკლებად სავარაუდოა.
“მით უმეტეს, როდესაც კერძო დავაა, ალბათ 98% -ში არ დააკმაყოფილებს სასამართლო შუამდგომლობას დაუყოვნებლივ აღსრულებაზე”.
რაც შეეხება საბანკო სექტორს, რომელსაც ასევე, სავარაუდოდ, შეიძლებოდა საფრთხეები გასჩენოდა აღნიშნული ნორმის შეჩერებით, იურისტი აცხადებს:
“ბანკების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აღსრულებას ვერ გამოიყენებენ, რადგან ბანკები დავის გადასწყვეტად იყენებენ არბიტრაჟებს, და თუკი რომელიმე იყენებს სასამართლოს, ისინი ეყრდნობიან 268-ე პირველ პრიმა მუხლს, რომელიც აბსოლუტურად სხვა მუხლია და ითვალისწინებს იმას, რომ მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულდეს”.
გუშინ, 2 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი 2-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო და მათივე შუამდგომლობის საფუძველზე შეაჩერა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ მუხლის ქვეპუნქტის მოქმედება, სადაც საუბარია, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები “ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება”.