ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთმა შესაძლოა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი ჩაატაროს

27 ივნისი, 2024 •
სომხეთმა შესაძლოა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი ჩაატაროს

“სომხეთმა შესაძლოა უახლოეს მომავალში წამოჭრას რეფერენდუმის ჩატარების საკითხი  ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის შესახებ”. ამის შესახებ სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა ლატვიაში ვიზიტისას განაცხადა.

“ჩვენმა საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ უნდა ვიყოთ ევროკავშირის ნაწილი. რამდენიმე დღის წინ ჩვენს პარლამენტში მიმდინარეობდა დისკუსია სომხეთის ევროკავშირის წევრობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში ჩავატარებთ ამ რეფერენდუმს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამემამულეები იტყვიან კის”, – განაცხადა მან ტელეარხ LSM.lv-თან ინტერვიუში.

მანამდე სომხეთში ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ქვეყანაში სახალხო რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს ეხება. მათ ასევე გამართეს მოსმენები პარლამენტში პროდასავლური პოლიტიკური და სოციალური ძალების მონაწილეობით. ამ ინიციატივის ერთ-ერთმა ლიდერმა პარლამენტის ტრიბუნზე ევროკავშირის დროშაც დაკიდა.


სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სურს, სომხეთი ევროკავშირის წევრი 2024 წელს გახდეს.

ამის შესახებ ფაშინიანმა კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტის ფარგლებში განაცხადა თემაზე “ფრონტიდან: სომხეთის დემოკრატიის დაცვა” დისკუსიის დროს.

მოდერატორის კითხვაზე, რომელ წელს ისურვებდა, რომ სომხეთის რესპუბლიკა ევროკავშირის წევრი გამხდარიყო, სომხეთის პრემიერმა ნახევრად ხუმრობით უპასუხა – “წელსვე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი