საგარეო უწყების ცნობით, სხდომას საქართველოს მხრიდან გახსნის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან კი სახელმწიფო მდივნის მოადგილე ენტონი ბლინკენი.
პლენარული სესიის დღის წესრიგი მოიცავს ქარტიის ფარგლებში არსებული ოთხი სამუშაო ჯგუფის საკითხების განხილვას, ესენია თავდაცვა და უსაფრთხოება, დემოკრატია და მმართველობა, ეკონომიკა, ვაჭრობა და ინვესტიციები, ხალხთაშორისო ურთიერთობები.
საგარეო საქმეთა სმაინისტროს ცნობით, სტრატეგიული დიალოგის პლენარულ სესიაში ქართული მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასახვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლები. სესიაზე მოხდება ოთხივე სფეროს მიმართულებით გაწეული სამუშაოების განხილვა და სამომავლო ამოცანების დასახვა.
„პლენარული სესიის დროს ორმხრივი თანამშრომლობის უამრავი საკითხი იხილება, დაწყებული საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერით, გაგრძელებული საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მხარდაჭერით, ასევე საუბარი წარიმართება ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებაზე, განიხილება საქართველოში გატარებული რეფორმები, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით გადადგმული ნაბიჯები, ვისაუბრებთ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის უკეთ გამოყენებაზე, საქართველოს ურთიერთობაზე რეგიონის ქვეყნებთან, აშშ-ის მხრიდან საქართველოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის დამატებითი ზომების მიღებაზე შესაბამისი პროექტების სახით. ეს იქნება საგნობრივი დიალოგი, რამაც კიდევ ერთი ნაბიჯით წინ უნდა წასწიოს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები“- აშშ-ში საქართველოს ელჩის არჩილ გეგეშიძის ამ კომენტარს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მხარეებმა ხელი 2009 წლის 9 იანვარს მოაწერეს.