ახალი ამბები

წულუკიანის თქმით, თუ პროკურორობის ქალი კანდიდატი არ წარადგინეს, მას სიაში თავად შეიყვანს

2 ნოემბერი, 2015 • 1282
წულუკიანის თქმით, თუ პროკურორობის ქალი კანდიდატი არ წარადგინეს, მას სიაში თავად შეიყვანს
თეა წულუკიანის განცხადებით, დღეისათვის შესულია პროკურორობის 3 კანდიდატი: კახა კახიშვილი, ირაკლი შოთაძე და პაატა შავაძე. თუმცა კახიშვილმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
 
 
მინისტრის თქმით, საპროკურორო საბჭო 19 ნოემბერს, 11 საათზე შეიკრიბება და 3 პირისგან შემდგარ სიას უყრის კენჭს. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ არჩევნებზე გამოიყენებენ ბიულეტენებსა და საარჩევნო ყუთს, ასევე მოიწვევენ დამკვირვებლებსაც.
 
“19 ნოემბრის შემდეგ მე უკვე შევძლებ, რომ გამარჯვებული კანდიდატი წარვუდგინო მთავრობას, რომელიც, თავის მხრივ, ამ კანდიდატს ასარჩევად გადაუგზავნის პარლამენტს,”– განაცხადა თეა წულუკიანმა.
 
 
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მთავარი პროკურორობის ქალი კანდიდატი ჯერ წარდგენილი არ არის:
 
 
“3-პირიან სიაში ერთი უნდა იყოს განსხვავებული სქესის, რაც იმას ნიშნავს, რომ სიაში უნდა იყოს ორი მამაკაცი და ერთი ქალი, ან პირიქით, ორი ქალი და ერთი მამაკაცი. ჯერჯერობით ქალი კანდიდატურა შემოსული არ არის და თუ ეს ასე იქნა ბოლომდე, მაშინ მე მომიწევს, მე თვითონ შევარჩიო ქალი კანდიდატი და შევიყვანო სიაში,”– განაცხადა მან.
 
 
 
საპროკურორო საბჭო, რომელიც მთავარი პროკურორის კანდიდატს არჩევს, 15 წევრისგან შედგება. საბჭოს თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრია. გარდა ამისა, საბჭოში არის 8 პროკურორი წევრი, 2 მოსამართლე, 1 ადვოკატი, 1 წარმომადგენელი აკადემიური წრეებიდან და 1 დეპუტატი. საპარლამენტო უმრავლესობის წარმოამადგენელი საბჭოში ეკა ბესელიაა. საპროკურორო საბჭოში უნდა ყოფილიყო იმ დეპუტატების წარმომადგენელიც, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობაში არ შედიან, თუმცა მათ ამ პროცესს უნდობლობა გამოუცხადეს და წარმომადგენელი არ შეურჩევიათ.

საპროკურორო საბჭოს სხდომა. ფოტო – იუსტიციის სამინისტრო. 02.11.2015
საპროკურორო საბჭოს სხდომა. ფოტო – იუსტიციის სამინისტრო. 02.11.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი