“ამათთაგან, მარტვილში შევიდა 12 საჩივარი, ხოლო საგარეჯოში – 4. მინდა აღვნიშნო, რომ ორივე ოლქში შეტანილი საჩივრები მხოლოდ უმნიშვნელო, პროცედურულ ხარვეზებს ეხება და მათ უმრავლესობაზე დროულად მოხდა რეაგირება საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ. საოლქო საარჩევნო კომისიებში ასევე იმსჯელებენ და თითოეულ მათგანზე მოხდება შესაბამისი კანონისმიერი გადაწყვეტილების მიღება,”- განაცხცადა სპიკერმა.
ანა მიქელაძის განცხადებით, დღეს ცესკოს კონტაქტ-ცენტრში 27 ზარი შევიდა, რომლებიც, ძირითადად პროცედურებთან დაკავშირებით ინფორმაციას შეეხებოდა.
არჩევნების წინასწარ შედეგებს ცესკო რამდენიმე საათში გამოაქვეყნებს. სპიკერის განცხადებით, ბრიფინგი სავარაუდოდ ღამის 12 საათის შემდეგ გაიმართება.
საარჩევნო უბნები 20:00-ზე დაიხურა. ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.
პარლამენტის შუალედური არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საგარეჯოსა და მარტვილის ოლქებში ტარდება.
საგარეჯოს მაჟორიტარობისთვის კენჭს იყრიდნენ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატი ირმა ინაშვილი, “ქართული ოცნების” კანდიდატი თამარ ხიდაშელი, ასევე, სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფების მიერ არის წარდგენილი 3 კანდიდატი: ზურაბ ჯორბენაძე, მიხეილ ანდღულაძე და გიორგი დავითაია.
რაც შეეხება მარტვილს, აქ მაჟორიტარობისთვის 2 სუბიექტი იბრძოდა: “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატი ეთერ მეძველია და “ქართული ოცნების” კანდიდატი სოსო დანელია.
საპარლამენტო შუალედური არჩევნების ჩატარების საფუძველი გახდა საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის, თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნა, ხოლო მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი, ნაული ჯანაშია გარდაიცვალა
ცესკოს მონაცემებით, საგარეჯოს ოლქში 46 011 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ხოლო მარტვილში – 33 465. პარლამენტის შუალედური არჩევნები საგარეჯოს საარჩევნო ოლქში 50 საარჩევნო უბანზე ტარდება, ხოლო მარტვილის საარჩევნო ოლქში – 39 საარჩევნო უბანზე.
ცესკოს სპიკერის განცხადებით, დღევანდელ არჩევნებს აკვირდებოდა 22 ადვილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 728 დამკვირვებელი, 4 საერთაშორისო ორგანიზაციის 22 დამკვირვებელი და მედიორგანიზაციების 327 წარმომადგენელი