ცესკოს ცნობით, დღევანდელ არჩევნებზე საგარეჯოს საარჩევნო ოლქში დარეგისტრირებული ამომრჩევლების 34,43%-მა (15 867 ამომრჩეველი) მისცა ხმა, ხოლო მარტვილში – 39,99%-მა (13 400 ამომრჩეველი).
რაც შეეხება საკრებულოს არჩევნებს, დმანისში ამომრჩეველთა 34,98% მივიდა არჩევნებზე, ვანში – 47,57%, ხობში კი – 54,14%.
საარჩევნო უბნები 20:00-ზე დაიხურა. ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.
არჩევნების წინასწარ შედეგებს ცესკო რამდენიმე საათში გამოაქვეყნებს. სპიკერის განცხადებით, ბრიფინგი სავარაუდოდ ღამის 12 საათის შემდეგ გაიმართება.
პარლამენტის შუალედური არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საგარეჯოსა და მარტვილის ოლქებში ტარდება.
საგარეჯოს მაჟორიტარობისთვის კენჭს იყრიდნენ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატი ირმა ინაშვილი, “ქართული ოცნების” კანდიდატი თამარ ხიდაშელი, ასევე, სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფების მიერ არის წარდგენილი 3 კანდიდატი: ზურაბ ჯორბენაძე, მიხეილ ანდღულაძე და გიორგი დავითაია.
რაც შეეხება მარტვილს, აქ მაჟორიტარობისთვის 2 სუბიექტი იბრძოდა: “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატი ეთერ მეძველია და “ქართული ოცნების” კანდიდატი სოსო დანელია.
საპარლამენტო შუალედური არჩევნების ჩატარების საფუძველი გახდა საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის, თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნა, ხოლო მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი, ნაული ჯანაშია გარდაიცვალა
ცესკოს მონაცემებით, საგარეჯოს ოლქში 46 011 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ხოლო მარტვილში – 33 465. პარლამენტის შუალედური არჩევნები საგარეჯოს საარჩევნო ოლქში 50 საარჩევნო უბანზე ტარდება, ხოლო მარტვილის საარჩევნო ოლქში – 39 საარჩევნო უბანზე.
ცესკოს სპიკერის განცხადებით, დღევანდელ არჩევნებს აკვირდებოდა 22 ადვილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 728 დამკვირვებელი, 4 საერთაშორისო ორგანიზაციის 22 დამკვირვებელი და მედიორგანიზაციების 327 წარმომადგენელი