ინციდენტს შეესწრნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლები. მრავაელროვანი საქართველოს ცნობით, ფიზიკური დაპირისპირება 16 საათსა და 20 წუთზე საგარეჯოს ოლქის #42 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა და ერთმანეთს ირმა ინაშვილის საარჩევნო შტაბის და „კოალიცია ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.
„მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ კანდიდატის მხარდამჭერებმა ინაშვილის შტაბის წარმომადგენლები საარჩევნო აგიტაციაში დაადანაშაულეს და დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ფიზიკური შეხლა-შემოხლა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
“მრავალეროვანი საქართველოს” ინფორმაციით, სიტუაციის განმუხტვა თვითმხილველებმა მოახერხეს. უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურისათვის ხელი არ შეუშლია.