ახალი ამბები

საგარეჯოსა და მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიებში 17:00-ისთვის 9 საჩივარი შევიდა

31 ოქტომბერი, 2015 •
საგარეჯოსა და მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიებში 17:00-ისთვის 9 საჩივარი შევიდა

“ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიაში შევიდა სულ 9 საჩივარი. აქედან მარტვილის საარჩევნო ოლქში შევიდა 6 საჩივარი, საგარეჯოში შევიდა 3 საჩივარი. ორ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას სამ შემთხვევაში ერთსა და იმავე საკითხთან დაკავშირებით, აღნიშნულ პროცედურულ ხარვეზთან დაკავშირებით, აქვს წარდგენილი საჩივარი. მინდა აღვნიშნო, რომ ორივე ოლქში შეტანილი საჩივრები მხოლოდ უმნიშვნელო პროცედურულ ხარვეზებს ეხება, მათ უმრავლესობაზე დროულად მოხდა რეაგირება საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ. საოლქო საარჩევმნო კომისიები ასევე იმსჯელებენ თითოეულ საკითხზე და მიიღებენ შესაბამის კანონისმიერ გადაწყვეტილებას,”- ამბობს მიქელაძე.

 

ცესკოს სპიკერის თქმით, სოფელ გიორგიწმინდაში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით საოლქო კომისიაში საჩივარი არ შესულა. გიორგიწმინდაში ინაშვილის შტაბის წარმომადგენლებსა და სოფელში გამგებლის რწმუნებელ გიორგი ჭიაბერაშვილის მხარეს შორის დაპირისპირება მოხდა. ინაშვილის მხარე პროვოკაციაში გამგებლის წარმომადგენელს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ იგი უბანზე აგიტაციას ეწეოდა ხიდაშელის სასარგებლოდ. თამარ ხიდაშელი კი მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობას ირმა ინაშვილის შტაბს აკისრებს

 

“გიორგიწმინდის საკითხთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიაში არ არის საჩივარი შესული, რაც შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიას, ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით მოგაწოდებთ დეტალურ ინფორმაციას,”- აცხადებს ცესკოს სპიკერი

 

ცესკოს სპიკერი ანა მიქელაძე. ფოტო - ცესკო
ცესკოს სპიკერი ანა მიქელაძე. ფოტო – ცესკო

პარლამენტის შუალედური არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საგარეჯოსა და მარტვილის ოლქებში ტარდება.

 

საგარეჯოს მაჟორიტარობისთვის კენჭს იყრიან “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატი ირმა ინაშვილი, “ქართული ოცნების” კანდიდატი თამარ ხიდაშელი, ასევე, სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფების მიერ არის წარდგენილი 3 კანდიდატი: ზურაბ ჯორბენაძე, მიხეილ ანდღულაძე და გიორგი დავითაია.

 

რაც შეეხება მარტვილს, აქ მაჟორიტარობისთვის 2 სუბიექტი იბრძვის: “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატი ეთერ მეძველია და “ქართული ოცნების” კანდიდატი სოსო დანელია.

 

საპარლამენტო შუალედური არჩევნების ჩატარების საფუძველი გახდა საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის, თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნა, ხოლო მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი, ნაული ჯანაშია გარდაიცვალა

 

ცესკოს მონაცემებით, საგარეჯოს ოლქში 46 011 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ხოლო მარტვილში – 33 465. პარლამენტის შუალედური არჩევნები საგარეჯოს საარჩევნო ოლქში  50 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, ხოლო მარტვილის საარჩევნო ოლქში ­– 39 საარჩევნო უბანზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი