CNN-ის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია სამხედრო კონტრაქტორების უკრაინაში განლაგებაზე დე ფაქტო აკრძალვის მოხსნას განიხილავს, რათა უკრაინელებს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღის სისტემების შენარჩუნებასა და შეკეთებაში დაეხმარონ.
CNN-ის თანახმად, ინფორმაცია ამის შესახებ „საკითხის მცოდნე“ ოთხმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა მიაწოდა.
„ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკაში უკრაინასთან დაკავშირებით, რადგან აშშ ეძებს გზებს, უკრაინის სამხედროებს რუსეთის წინააღმდეგ უპირატესობა რომ მისცეს“, — წერს CNN, თუმცა დასძენს, რომ ახალ პოლიტიკაზე ჯერ კიდევ მუშაობენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ჯერ არ მიუღიათ საბოლოო ხელმოწერა პრეზიდენტ ჯო ბაიდენისგან.
„ჩვენ არ მიგვიღია არანაირი გადაწყვეტილება და ამაზე ნებისმიერი განხილვა ნაადრევია. პრეზიდენტი აბსოლუტურად მტკიცეა თავის გადაწყვეტილებაში, რომ არ გაგზავნის ამერიკულ ჯარს უკრაინაში“, — თქვა ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.
დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილება, სავარაუდოდ, წელს ამოქმედდება და პენტაგონს საშუალებას მისცემს, ხელშეკრულებები გაუფორმოს ამერიკულ კომპანიებს უკრაინაში სამუშაოდ, იარაღის სისტემების შეკეთებაში.
CNN წერს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში,ბაიდენი დაჟინებით მოითხოვდა, ყველა ამერიკელი, განსაკუთრებით კი ამერიკული ჯარები შორს ყოფილიყვნენ უკრაინის ფრონტისგან. აქამდე აშშ-ის მიერ მოწოდებული სამხედრო ტექნიკა, რომელიც საბრძოლო მოქმედებებისას დაზიანდებოდა, შესაკეთებლად პოლონეთში, რუმინეთში ან ნატოს სხვა ქვეყნებში უნდა გაეტანათ, რაც დამატებით დროს საჭიროებდა. ამერიკელი სამხედროები დისტანციურად (ვიდეოჩატის ან ტელეფონის საშუალებით) ხელმისაწვდომია უკრაინელებისთვის ლოგისტიკის საკითხებში კონსულტაციებისთვის. ახლა განიხილება, რომ ამერიკელ კონტრაქტორებს უკრაინაში ყოფნის შეზღუდვა მოეხსნათ და ადგილზე აღმოუჩინონ დახმარება ტექნიკის შეკეთებაში. ოფიციალური პირების თქმით, განსაკუთრებით რეგულარულ მოვლა-პატრონობას საჭიროებს F-16 გამანადგურებლები, რომელსაც უკრაინა ამ წლის ბოლოს მიიღებს.
საუბარია რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ასეულ კონტრაქტორზე, რომლებიც უკრაინაში იმუშავებენ.