ახალი ამბები

ცესკო: მარტვილში მარკირების აპარატის დაზიანების გამო საარჩევნო უბანი დაგვიანებით გაიხსნა

31 ოქტომბერი, 2015 •
ცესკო: მარტვილში მარკირების აპარატის დაზიანების გამო საარჩევნო უბანი დაგვიანებით გაიხსნა

“მხოლოდ ერთი საარჩევნო უბანი მარტვილში გაიხსნა 10 წუთის დაგვიანებით ამომრჩევლებისთვის, რაც გამოწვეული იყო მარკირების აპარატის დაზიანების გამო, თუმცა დაზიანება მალევე აღმოიფხვრა”,- განაცხადა სპიკერმა.

 

ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იყო სხვა მცირე ტექნიკური ხარვეზებიც:

 

“საგარეჯოს მეხუთე საარჩევნო უბანში ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კონვერტების 50-ცალიან შეკვრას აკლდა 1 კონვერტი, ამის შემდგომ კომისიამ ხელახლა გადაითვალა აღიშნული კონვერტები და დანაკლისი არ აღმიჩნდა. გარდა ამისა, ფიქსირდება შემთხვევა, როდესაც თავად ამომრჩევლები არასწორად მიდიან საარჩევნო უბნებზე, თუმცა მათ შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები აძლევენ ზუსტ მისამართს, სადაც ისინი არიან რეგისტრირებულები და იქ მიდიან ხმის მისაცემად. მარტვილში ერთ-ერთ უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, რომ ლუქი იყო დაზიანებული, თუმცა ეს პრობლემა მალევე აღმოიფხვრა,”- განაცხადა მან.


რაც შეეხება ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, საგარეჯოს მეხუთე საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარემ ბიულეტენების შეკვრა დამალა, თუმცა მოგვიანებით გამოაჩინა, ცესკოს სპიკერი ამბობს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამ ეტაპზე მსგავსი ინფორმაცია არ მიუღია. მან აღნიშნა, რომ პარტიებსა და დამკვირვებელ ორგანიზაციებს შეუძლიათ დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში საოლქო კომისიაში საჩივარი დაწერონ.


რაც შეეხება შეკითხვას, შეინიშნება თუ არა დაძაბულობა არჩევნების მიმდინარეობისას, ანა მიქელაძემ კიდევ ერთხელ აღმნიშნა, რომ ხმის მიცემა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.


“საარჩევნო უბნების იქით რაც ხდება, ეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ზოგადად, საარჩევნო ადმინისტრაციას არ შეეხება. მინდა ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას: კანონის მიხედვით, საარჩევნო აგიტაცია იკრძალება მხოლოდ კენჭისყრის შენობაში, ანუ საარჩევნო უბანზე. საარჩევნო უბნის იქით შესაძლებელია ნამდვილად იმყოფებოდნენ რომელიმე პარტიის წარმომადგენლები და თავის ამომრჩეველთან აწარმოებდნენ აგიტაციას. ეს კანონის დარღვევა არ არის,”- აღნიშნა სპიკერმა.

ცესკოს სპიკერი ანა მიქელაძე. ფოტო - ცესკო
ცესკოს სპიკერი ანა მიქელაძე. ფოტო – ცესკო

პარლამენტის შუალედური არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საგარეჯოსა და მარტვილის ოლქებში ტარდება.

 

საგარეჯოს მაჟორიტარობისთვის კენჭს იყრიან “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატი ირმა ინაშვილი, “ქართული ოცნების” კანდიდატი თამარ ხიდაშელი, ასევე, სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფების მიერ არის წარდგენილი 3 კანდიდატი: ზურაბ ჯორბენაძე, მიხეილ ანდღულაძე და გიორგი დავითაია.

 

რაც შეეხება მარტვილს, აქ მაჟორიტარობისთვის 2 სუბიექტი იბრძვის: “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატი ეთერ მეძველია და “ქართული ოცნების” კანდიდატი სოსო დანელია.

 

საპარლამენტო შუალედური არჩევნების ჩატარების საფუძველი გახდა საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის, თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნა, ხოლო მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი, ნაული ჯანაშია გარდაიცვალა

 

ცესკოს მონაცემებით, საგარეჯოს ოლქში 46 011 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ხოლო მარტვილში – 33 465. პარლამენტის შუალედური არჩევნები საგარეჯოს საარჩევნო ოლქში  50 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, ხოლო მარტვილის საარჩევნო ოლქში ­– 39 საარჩევნო უბანზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი