ახალი ამბები

საია: საგარეჯოში საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ ბიულეტენების შეკვრა დამალა

31 ოქტომბერი, 2015 •
საია: საგარეჯოში საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ ბიულეტენების შეკვრა დამალა

საია–ს ინფორმაციით, ქაოსი იყო საგარეჯოს #5 საარჩევნო უბანზე, სადაც „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები ედავებოდნენ კომისიის თავმჯდომარეს, რომ მან დამალა საარჩევნო უბნისათვის განკუთვნილი საარჩევნო ბიულეტენის ერთი შეკვრა და თავდაპირველად უბანზე არსებული 13 შეკვრის ნაცვლად, მხოლოდ 12 შეკვრა წარმოადგინა, რასაც კომისიის თავმჯდომარე უარყოფდა.

 

საიას მობილური ჯგუფის დამკვირვებელმა გადაამოწმა მიღება-ჩაბარების აქტი და პირადად დათვალა უბანზე არსებული ბიულეტენის ყველა შეკვრა. აღმოჩნდა, რომ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული ბიულეტენის ერთ-ერთი შეკვრა ნომრით 0075 რეალურად არ იყო უბანზე არსებულ შეკვრებს შორის. მოგვიანებით, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დემონსტრაციულად გამოიტანა ბიულეტენების შეკვრები და უბანზე მყოფ პირთა თანდასწრებით ხელახლა გადათვალა.

 

ამჯერად აღმოჩნდა ბიულეტენის 13 შეკვრა. მათ შორის იყო ბიულეტენის სადავო შეკვრა ნომრით 0075. გაირკვა, რომ კომისიის თავმჯდომარემ მხოლოდ მას შემდეგ გამოაჩინა ბიულეტენის სადავო შეკვრა, რაც საიას დამკვირვებელიც დაინტერესდა აღნიშნული ფაქტით. მიგვაჩნია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მხრიდან ადგილი აქვს სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებასთან, აცხადებს საია.

 

ორგანიზაციის განცხადებით, საგარეჯოს #36 უბანზე ამომრჩეველს არ აძლევდნენ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას იმ არგუმენტით, რომ სიაში მისი სახელის გასწვრივ მითითებული იყო „იმყოფება უცხოეთში.“ საიას დამკვირვებლის ჩარევის შედეგად ამომრჩეველმა შეძლო კენჭისყრაში მონაწილეობა.

 

არაუფლებამოსილ პირთა ყოფნა უბანზე

 საიამ–მ აღრიცხა საარჩევნო უბაზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნა. მარტვილის #37და #22 საარჩევნო უბნებზე არასამთავრობო ორგანიზაციიდან „ახალი სიტყვა“ ერთდროულად იმყოფებოდა ორ-ორი დამკვირვებელი.  საიას დამკვირვებლების მითითების შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებმა ორივე უბანზე ერთ-ერთ მათგანს დაატოვებინეს საარჩევნო უბნები.

 

მარტვილის#37 უბანზე მყოფმა დამკვირვებელმა არასამთავრობო ორგანიზაციდან „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“ დაადასტურა, რომ ის წარმოადგენდა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნება“ დამკვირვებელს, აცხადებს საია.

 

საია აცხადებს, რომ მარტვილის #11, #37 და საგარეჯოს #34, #11 უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან პირები, რომლებიც აწარმოებენ მოსული ამომრჩევლის აღრიცხვას.

 

“განვმარტავთ, რომ აღნიშნული წარმოადგენს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ირიბ კონტროლს, რაც პრობლემაა.  აღნიშნული ფაქტები მიუთითებს, რომ დღის წესრიგში კვლავ დგას ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირების აუცილებლობა, რაც საჭიროებს საარჩევნო კოდექსში უბნის მიმდებარე ტერიტორიის ცნების განსაზღვრას”, – აცხადებს ორგანიზაცია.

 

საარჩევნო უბნის აღჭურვასთან დაკავშირებული ხარვეზები

 

საია–ს ცნობით, მარტვილის #13 უბანზე საარჩევნო ყუთი არ იყო სათანადო წესით დალუქული. საიას დამკვირვებლის მოთხოვნის შედეგად, საოლქო საარჩევნო კომისიიდან გაგზავნილ იქნა ახალი ლუქი.

 

ორგანიზაციის ინფორმაციით, მარტვილის #31 უბანზე არ მუშაობდა მარკირების შემოწმებისათვის განკუთვნილი სპეციალური ხელსაწყო და მოხდა მისი შეცვლა ახლით. სპეციალური ხელსაწყო არ მუშაობდა ასევე მარტვილის #15 სარჩევნო უბანზე, რის გამოც აუცილებელი გახდა ამ უბანზე კვების ბლოკის ე.წ „ბატარეის“ შეცვლა.

 

ამ დროისთვის ზემოთ აღნიშნულ დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა 4 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.

მასალების გადაბეჭდვის წესი