დაკითხვიდან გამოსულმა ნიკა გვარამიამ ასევე განაცხადა, რომ ვერ ისაუბრებს შეკითხვებზე, რომლებიც მას გამოძებამ დაუსვა, რადგანაც საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს.
“მთავარი პრობლემა, რაც ამ ეტაპზე გამოძებას უკვე ჩანს, რომ აქვს, ეს არის მიხეილ სააკაშვილთან ჩემი საუბრის სრულიად არასწორი ინტერპრეტაცია. როგორც ჩანს, ძალიან სჭრით ტერმინები ყურს, მაგალითად, ისეთი, როგორიც არის ბოევიკი, რევოლუციური სცენარი. შეიძლება ეს მართლა ეხამუშება ყურს, მაგრამ თავისთავად ცხადია, აქ არავინ არ გულისხმობს სახელმწიფო გადატრიალებას, საუბარია ტელეკომპანია რუსთავი 2–ის დაცვაზე, ანუ ქმედებაზე, რომელიც რეაქციულია თავისი ხასიათით და არა პროაქტიურ ქმედებებზე,”– განაცხადა გვარამიამ ჟურნალისტებთან დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ.
გვარამიამ ასევე განაცხადა, რომ არც მას და არც რუსთავი 2–ს არასდროს არც ერთი ლარი არ მიუღია არც სააკაშვილისგან და არც მისი რომელიმე მეგობრისგან.
ნიკა გვარამია და გიგა ბოკერია სუს–ში დასაკითხად დღეს, 13:30–ზე შევიდნენ. ბოკერია ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში რჩება.
გუშინ, 29 ოქტომბერს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებში საუბარია რუსთავი 2–ის სასამართლო პროცესზე და ამ პროცესის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. კერძოდ, აუდიომასალების თანახმად, გვარამია სააკაშვილთან საუბრისას ამბობს, რომ მოსამართლის სავარაუდო გადაწყვეტილების აღსრულების ეშინიათ. სააკაშვილი კი ეუბნება, რომ “უნდა წახვიდეთ რევოლუციურ სცენარზე, უნდა მოუწოდოთ ხალხს დაცვისკენ, უნდა გამაგრდეთ, ბარიკადები უნდა გააკეთოთ”.
კიდევ ერთი ჩანაწერის თანახმად კი, სააკაშვილი ბოკერიასთან ამბობს, რომ სასამართლო რუსთავი 2–ის საქმეზე 22-ში მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც იმ დღესვე აღსრულდება და რუსთავი 2–ში შევლენ. სააკაშვილის განცხადებით, ეს რომ არ დაუშვან, რუსთავი 2–თან რკინის კონსტრუქციების მშენებლობა უნდა დაიწყოს
“თავისი დაცვით, გამაგრებებით, ბაევიკებით, რომ სროლის გარეშე ვერ შევიდნენ,” – ამბობს ჩანაწერი სააკაშვილი. გიგა ბოკერია კი პასუხობს, რომ “ბაევიკები” მათ არ ჰყავთ და ემზადებიან, რომ პარტიამ დააყენოს.