ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღში ინციდენტების გამოძიების მექანიზმების ამუშავების პერსპექტივა

30 ოქტომბერი, 2015 •
ყარაბაღში ინციდენტების გამოძიების მექანიზმების ამუშავების პერსპექტივა

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები- იგორ პოპოვი (რუსეთი), პიერ ანდრიონი (საფრანგეთი) და ჯეიმს უორლიკი (აშშ) 26 ოქტომბერს ერევანში სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ედვარდ ნალბანდიანს შეხვდნენ. ამის შემდეგ თანათავმჯდომარეები და მათთან ერთად, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენელი ანჯეი კასპრშიკი ყარაბაღში ჩავიდნენ, სადაც რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანისა და ყარაბაღის გამყოფი ხაზის მარტაკერტ-ტარტარის გზის მონაკვეთზე ეუთოს მისიის მონიტორინგში.

 

მონიტორინგის ფარგლებში ისინი აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდნენ, ხოლო 28 ოქტომბერს ბაქოში აზერბაიჯანის მთავრობასთან გამართეს შეხვედრა.

 

ცხადია, ეს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მორიგი ვიზიტი იქნებოდა კონფლიქტის რეგიონში, რომ არა ბოლო დროს მკვეთრად გახშირებული ინციდენტები და დაძაბულობის ესკალაცია ყარაბაღისა და აზერბაიჯანის გამყოფ ზონაში, რის შედეგადაც კონფლიქტის მხარეებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს.

 

თანათავმჯდომარეებს შორის, როგორც წესი, აქტიურობით გამოირჩეოდა ამერიკელი თანათავმჯდომარე ჯეიმს უორლიკი, რომელმაც ტვიტერში გამოაქვეყნა ნაღმმტყორცნის ფრაგმენტების ამსახველი ფოტო: “სომხეთმა და აზერბაიჯანმა, არა აქვს მნიშვნელობა რა სტატუსი აქვთ მათ, აგრესორის თუ მოწინააღმდეგის, უარი უნდა თქვან ამ ტიპის შეიარაღების გამოყენებაზე”, – დაწერა ტვიტერში უორლიკმა.

 

უორლიკის თქმით, ეუთოს მინსკის ჯგუფს არ აქვს ქმედითი საშუალებები, რათა განახორციელოს მუდმივი მონიტორინგი შერიგების რეჟიმზე კონფლიქტის მხარეებს შორის. მისი თქმით, ასეთი მექანიზმების შემუშავების საკითხი უკვე რამდენიმე წელია განიხილება. ერევანში ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე, რომ ასეთ მონიტორინგს ეწინააღმდეგება აზერბაიჯანული მხარე, უორლიკმა უპასუხა, რომ რამდენიმე წლის წინ ალიევმა თქვა,  “აზერბაიჯანი მზადაა განხილვებისთვის”.

 

თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა მათ მოუწოდა თანმიმდევრულობისკენ, ასევე იმისკენ, რომ დაგმონ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეში დარღვევის ფაქტები, რაც, მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია შერიგების რეჟიმის დასაცავად და დარღვევების გამოსარიცხად.

 

“ინციდენტების გამოძიების მექანიზმები შეიძლება დაეხმაროს ურთიერთობების დარეგულირებას. მე მაქვს მესიჯი ხალხისთვის, ვფიქრობ, ისინი დაიღალნენ ძალადობითა და მკვლელობებით. საკმარისია! დადგა მშვიდობის დრო”, – განაცხადა ჯეიმს უორლიკმა.

 

უორლიკმა შეშფოთება გამოთქვა კონფლიქტის მხარეების დაძაბულობის ესკალაციის გამო:

 

“ჩვენ გვაღელვებს ეს დაძაბულობა, კერძოდ, მძიმე შეიარაღების გამოყენება. ეს შეიარაღება გამოიყენება ორივე მხრიდან და ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ, რომ ამას მოაქვს ძალადობა და დაძაბულობის ესკალაცია, მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებს შორის,” – განაცხადა მან.

 

უორლიკის თქმით, წლის ბოლომდე მოსალოდნელია სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა.

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში
ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში

რა მოლოდინი აქვთ ყარაბაღში ამ შეხვედრიდან?

 

მასის მაილიანი, ყარაბაღის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ამჟამად კი უსაფრთხოებისა და საგარეო საკითხების საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე, აცხადებს, რომ “აზერბაიჯანის ზრახვები უცვლელია. ბოლო წლებში აზერბაიჯანული მხარე მიზანმიმართულად აღრმავებს დაძაბულობას არწახთან და სომხეთის საზღვრებთან. იკვეთება მიზანი, რომ სამხედრო ზეწოლის გაძლიერების გზით მიღწეულ იქნას მოლაპარაკების მაგიდასთან ცალმხრივი დათმობები სომხეთის მხრიდან. იმავდროულად, ომის შანტაჟზე ეგებიან მსოფლიო ძალები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით დაინტერესებული არიან სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობის მხარდაჭერით. ოფიციალური ბაქოს ასეთი პოზიცია არ იძლევა და არ შეიძლება იძლეოდეს სასურველ შედეგებს”.

 

მისი აზრით, აზერბაიჯანი ვერ შეძლებს მისი ზრახვების თავს მოხვევას სტეპანაკერტსა და ერევანზე, ამიტომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ფორმირებებმა შეცვალეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და დაიწყეს ახალი ტიპის შეიარაღების გამოყენება: “სნაიპერულ ომს” დაემატა “დივერსიული ომი” და ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად აზერბაიჯანულმა მხარემ დაიწყო ნაღმმტყორცნების, სარაკეტო-საარტილერიო შეიარაღების გამოყენება.

 

მაილიანის თქმით, გამოცდილება აჩვენებს, რომ აზერბაიჯანული სროლების ინტენსივობაზე მოქმედებს ამ ქვეყანაში კონკრეტული ღონისძიებების ჩატარება:

 

“მაგალითად, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა მინიმუმამდე იყო დაყვანილი ევროპული თამაშების ჩატარების დროს ბაქოში. ყარაბაღის არმიის პრესსამსახურის ცნობით, ბოლო დღეებში აზერბაიჯანული მხარე აგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევას, თუმცა, შედარებით ნაკლები ინტენსივობით. სროლების ინტენსივობის გარკვეული შენელება შეიძლება აიხსნას აზერბაიჯანის პარლამენტის მოახლოებული არჩევნებით, რომელიც 1 ნოემბერს გაიმართება, და შიდა დაძაბულობით, რომელიც გამოწვეულია ეროვნული უშიშროების სამინისტროს მაღალჩინოსნების პოლიტიკური ხელმძღვანელობის კონტროლიდან გასვლის მცდელობით,” – განაცხადა “ნეტგაზეთთან” საუბარში მასის მაილიანმა.

 

მაილიანის თქმით, სამშვიდობო პროცესზე ძალიან ნეგატიურად მოქმედებს აზერბაიჯანის ოფიციალური პოლიტიკა, რომელიც უშვებს ძალოვანი მეთოდების გამოყენებას პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტაში:

 

“ქცევების ასეთი ხაზი აზრს უკარგავს სამშვიდობო ინიციატივებს და წარმოადგენს საფრთხეს რეგიონული უსაფრთხოებისთვის. ამიტომ ეუთოს მინსკის ჯგუფის შუამავალ ქვეყნებს უწინარესად ჭირდებათ, რომ აქტიურად და დაუღალავად იმუშაონ ბაქოს ხელისუფლებასთან, რათა დააბრუნონ აზერბაიჯანი კონსტრუქციულ ჭრილში და შეეცადონ იურიდიულად გააფორმონ ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილე სამივე მხარის უარი ძალის გამოყენებაზე ან ძალისმიერ მუქარაზე. ასეთი დოკუმენტის ხელმოწერა, რომელსაც ექნებოდა დიდი სამშვიდობო პოტენციალი, გახსნის ფართო შესაძლებლობას კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ეს აქტუალური საკითხები იქნება განხილვის საგანი ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შემდგომი ვიზიტის დროს რეგიონში”.

 

ყარაბაღის პარლამენტის საგარეო საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე დავიდ მელკუმიანი ასევე საუბრობს ინციდენტების გამოძიების მექანიზმის დანერგვის აუცილებლობაზე:

 

“სომხურმა მხარემ თანხმობა განაცხადა ამ საკითხზე, ახლა თანათავმჯდომარეებმა უნდა დაარწმუნონ, აუხსნან და აიძულონ აზერბაიჯანი, ამის მიღწევამდე კი ყარაბაღი გააგრძელებს ადეკვატურ პასუხებს და უზრუნველვყოფთ ჩვენი ხალხის უსაფრთხოებასა და საზღვრების ხელშეუხებლობას”.

 

ყარაბაღის პრეზიდენტის პრესმდივნის, დავიდ ბაბაიანის თქმით, თანათავმჯდომარეებმა უნდა გააკეთონ აქცენტი აზერბაიჯანულ მხარეზე, რომ ის დააბრუნონ კონსტრუქციულ ველში.

 

“ჩვენ შევთავაზეთ სნაიპერების გაყვანა წინა ხაზიდან, ასევე, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მხარდაჭერა სადღესასწაულო დღეებში, თუმცა ბაქო უარყოფს ყველა ჩვენს წინადადებას”.

 

ყარაბაღის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრა წლის ბოლომდე:

 

“იმის მიუხევად, რომ ყოველი ასეთი შეხვედრის შემდეგ ალიევი პირობას დებს ერთზე და მეორეს აკეთებს და არღვევს კანონს, რითაც თავის სიტყვებს უკარგავს ფასს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრა მთლიანობაში იქნება მნიშვნელოვანი და ქმედითი მექანიზმი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად”.


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი