გუშინ, 29 ოქტომბერს გავრცელდა აუდიოჩანაწერები, სადაც სააკაშვილი გიგა ბოკერიასა და ნიკა გვარამიას რუსთავი 2–ის სასამართლო პროცესის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და გეგმებზე ესაუბრება.
ქალდანის განცხადებით, ამ შემთხვევაში არ შეისწავლიან ჩანაწერების გავრცელებას, რადგან ამ საკითხზე უკვე დაწყებულია გამოძიება. ინსპექტორის თქმით, მათი მიზანია დაადგინონ, არსებობდა თუ არა საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფარულ საგამოძებო მოქმედებაზე და თუ არსებობდა, რა ფარგლები იყო განსაზღვრული.
“ასეთი ტიპის განცხადებებზე ჩვენ გვაქვს კანონისმიერი ვალდებულება მოვახდინოთ რეაგირება და გუშინ ამ განცხადებების გავრცელებიდან მყისიერად დავიწყეთ საკითხის შესწავლა. რაში გამოიხატება ჩვენი მხრიდან საკითხის შესწავლა – ეს არის ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობის მოკვლევა, არსებობდა თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება ამ საკითხზე და თუ არსებობდა, რა ფარგლები იყო განსაზღვრული და აღსრულდა თუ არა გადაწყვეტილება იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს სასამართლომ განსაზღვრა,”– განაცხადა თამარ ქალდანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
29 ოქტომბერს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებში გვარამია სააკაშვილთან საუბრისას ამბობს, რომ მოსამართლის სავარაუდო გადაწყვეტილების აღსრულების ეშინიათ. სააკაშვილი კი ეუბნება, რომ “უნდა წახვიდეთ რევოლუციურ სცენარზე, უნდა მოუწოდოთ ხალხს დაცვისკენ, უნდა გამაგრდეთ, ბარიკადები უნდა გააკეთოთ”.
კიდევ ერთი ჩანაწერის თანახმად კი, სააკაშვილი ბოკერიასთან ამბობს, რომ სასამართლო რუსთავი 2–ის საქმეზე 22-ში მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც იმ დღესვე აღსრულდება და რუსთავი 2–ში შევლენ. სააკაშვილის განცხადებით, ეს რომ არ დაუშვან, რუსთავი 2–თან რკინის კონსტრუქციების მშენებლობა უნდა დაიწყოს:
“თავისი დაცვით, გამაგრებებით, ბაევიკებით, რომ სროლის გარეშე ვერ შევიდნენ,” – ამბობს ჩანაწერი სააკაშვილი. გიგა ბოკერია კი პასუხობს, რომ “ბაევიკები” მათ არ ჰყავთ და ემზადებიან, რომ პარტიამ დააყენოს.
ნიკა გვარამია და გიგა ბოკერია გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობას ადასტურებენ. თუმცა, გვარამია აცხადებს, რომ სააკაშვილთან საუბრის აუდიოჩანაწერი სუს–ის მიერ გამოძიების დაწყებამდე უკანონოდ გაკეთდა. გვარამიას თქმით, ჩანაწერი სავარაუდოდ გაკეთებულია 19 ოქტომბერს, მაშინ, როდესაც გამოძიების დაწყების შესახებ 24 ოქტომბერს განაცხადეს.





