გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ბლოკავს შესაძლებლობას, ქვეყანამ დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. გერმანელმა დეპუტატმა საქართველო მას შემდეგ გაიხსენა, რაც აღნიშნა უკრაინისა და მოლდოვის მიერ მოლაპარაკებების საბოლოოდ გახსნა.
“უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები საბოლოოდ დაიწყო. სამწუხაროდ, ევროკავშირის მოწინააღმდეგე მთავრობა ბლოკავს საქართველოს მოლაპარაკებებს ბრიუსელთან, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა დაწყებულიყო.
ჩვენ უნდა ვისწავლოთ დასავლეთ ბალკანეთის შეცდომებზე: ბოლოს და ბოლოს, ჩვენ გვჭირდება მეტი სიჩქარე, ამბიცია და ზუსტი საგზაო რუკა. გაფართოება უნდა იყოს არა ცარიელი დაპირება, არამედ მიღწევადი მიზანი. თუ მონტენეგრო ააჩქარებს რეფორმებს, მან შეიძლება მოახერხოს ეს 2028 წლისთვის. ჩვენ გვჭირდება მაგალითები, რომლებიც დაგვაჯერებს, რომ ძალისხმევა ღირს”, – წერს როთი სოციალურ ქსელში.
დღეს, 25 ივნისს, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები ოფიციალურად გაიხსნა. დღესვე გაწევრიანების მოლაპარაკებები ოფიციალურად იხსნება მოლდოვასთანაც.
გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა ამ ფაქტის აღსანიშნავად სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შესაძლებელი იყო საქართველოც ამ ქვეყნების რიგში ყოფილიყო.
ევროკავშირის მაღალჩინოსნები და წევრი ქვეყნების ლიდერები საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების შეფერხების მიზეზად “ქართული ოცნების” ანტიევროპულ რიტორიკას, ევროკავშირის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებასა და, რაც მთავარია, რუსული კანონის მიღებას ასახელებენ.