გავრცელებული ჩანაწერების თანახმად, სააკაშვილი ბოკერიას ეუბნება, რომ სასამართლო რუსთავი 2–ის საქმეზე 22-ში მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელსაც იმ დღესვე აღასრულებენ და რუსთავი 2–ში შევლენ. სააკაშვილის განცხადებით, ეს რომ არ დაუშვან, რუსთავი 2–თან რკინის კონსტრუქციების მშენებლობა უნდა დაიწყოს.
“თავისი დაცვით, გამაგრებებით, ბაევიკებით, რომ სროლის გარეშე ვერ შევიდნენ,” – ამბობს ჩანაწერი სააკაშვილი. გიგა ბოკერია კი პასუხობს, რომ “ბაევიკები” მათ არ ჰყავთ და ემზადებიან, რომ პარტიამ დააყენოს.
ჟურნალისტებთან საუბრისას როგორც ბოკერია, ასევე გვარამია ჩანაწერის ნამდვილობას ადასტურებენ.
“ჩვენ კარგად გვესმის, რომ ივანიშვილის რეჟიმს გადაწყვეტილი აქვს წინასწარ მოსუფთავება ველის 2016 წლის არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, იმიტომ, რომ დარწმუნებული არის, რომ მინიმალურად დემოკრატიულ ვითარებაშიც კი ვერ შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას. ამიტომ წინასწარ იღებს ამ ზომებს და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ასე უბრალოდ გადავაბაროთ საზოგადოების თავისუფალი ნება მას, ისე, რომ ამას არ მოჰყვეს ჩვენი პროტესტი. თავდასხმის შემთხვევას რუსთავი 2–ზე არათუ არ გამოვრიცხავთ, ყველამ ვიცით, რომ იმ ატმოსფეროს პირობებში, რომელიც არის ქვეყანაში და ღარიბაშვლის განცხადების პირობებში, რომ ნებისმიერი სცენარი, სამწუხაროდ, ივანიშვილის რეჟიმისგან მოსალოდნელია.
ჩვენი ამოცანაა, რომ ვითარება შევინარჩუნოთ კონსტიტუციურ ფარგლებში და 2016 წლის არჩევნების შედეგად გავაძევოთ ივანიშვილის რეჟიმი ამ ქვეყნიდან დემოკრატიული, თავისუფალი, მშვიდობიანი არჩევნებით. მაგრამ ეს არ მოხდება იმის ფასად, რომ ჩვენ არაფერი არ გავაკეთოთ და არ გავუწიოთ წინააღმდეგობა რუსთავი 2–ის ძალადობრივად აღების მცდელობას. ეს არის ჩვენი საჯარო პოზიცია. აქამდეც, ამ ჩანაწერის დროსაც და ამ ჩანაწერის შემდეგაც,”– განაცხადა გიგა ბოკერიამ
რუსთავი 2–ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, ჩანაწერი სავარაუდოდ 19 ოქტომბერს არის გაკეთებული.