პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბერლინში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე „სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკით“ ქვეყნის გამთლიანების შესაძლებლობაზე ისაუბრა.
„გერმანია არის სწორედ იმის სიმბოლო, თუ როგორ შეიძლება, მოთმინებით გაამთლიანო საკუთარი ქვეყანა. გერმანია მოთმინებით ელოდებოდა ათწლეულების განმავლობაში გაერთიანებას, გამთლიანებას და საბოლოო ჯამში, 1989 წელს გერმანელებს ეს ოცნება აუხდათ. ჩვენც გვაქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი პოლიტიკით, საბოლოო ჯამში, იქნება შესაძლებელი საქართველოს ოცნების ახდენა, ქართველების ოცნების ახდენა და საქართველო იქნება ერთიანი და მთლიანი სახელმწიფო“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, დამოუკიდებლობის 33 წლის მანძილზე საქართველომ საკმაოდ რთული ისტორია და 4 ომი გამოიარა.
„ეს იყო სახელმწიფოებრიობის განვითარების, ჩამოყალიბების ძალიან რთული გზა და ამ გზაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი მეგობრების მხარდაჭერას“, — განაცხადა კობახიძემ და განსაკუთრებით აღნიშნა გერმანიის მხარდაჭერა.
კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოს ამბიციური მიზანია, 2030 წლისთვის გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
„დღეს ჩვენმა ბავშვებმა არაჩვეულებრივად შეასრულეს ევროკავშირის ჰიმნი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბავშვების მომავალი არის ევროკავშირში. ეს ბავშვები იცხოვრებენ აუცილებლად ევროკავშირში, ეს ბავშვები იცხოვრებენ ერთიან საქართველოში, რომელიც იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ეს მოხდება ძალიან მალე. ამ ყველაფერში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი მეგობრების მხარდაჭერას, ჩვენი გერმანელი მეგობრების მხარდაჭერას“, — განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბერლინში საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა.
როგორც ბერლინში მცხოვრები ქართველების ნაწილი ამბობს, ღონისძიებაზე მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალურად განწყობილი ადამიანები დაპატიჟეს.
მოძრაობა „გზამ“ სასტუმროსთან, სადაც ღონისძიება იმართება, აქცია გამართა. ისინი კსანდირებდნენ: „არა რუსულ კანონს!“, „გამოდი!“ და ა.შ.