საბა გუჯაბიძე, „ამერიკის ხმა“
ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს მთავრობას გონიერებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები საპასუხო ზომების გარეშე არ დარჩება. ცოტა ხნის წინ ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ დაწესდება სანქციები და ამოქმედდება სავიზო შეზღუდვებიც.
როგორც დემოკრატმა სენატორმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი, „რეალურად არის შექმნილი იმის მიხედვით, რაც რუსეთმა გააკეთა“.
„გვსურს, მკაფიოდ განვუცხადოთ [საქართველოს] ხელისუფლების ამჟამინდელ ლიდერებს, მათ „ქართულ ოცნებას“, რომ მათ ქმედებას შედეგები მოჰყვება“, — ამბობს სენატორი შაჰინი და აქვე განმარტავს, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის ფარგლებში, საქართველოში არასამთავრობო სექტორის მუშაობა, ასევე, ამერიკული „ენ-დი-აის“ (NDI) და „აი-არ-აის“ (IRI) მუშაობა შეუძლებელი გახდება.
„ჩვენ ვესაუბრეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში, ჩვენსავე ეროვნულ დემოკრატიულ ინსიტუტსა და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს, რომლებმაც ასეთი კარგი საქმე გააკეთეს საქართველოში. ისინი გვეუბნებიან, რომ ამ კანონის ფარგლებში ისინი ვერ შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას. ასე რომ, [ჩვენ მიერ წარდგენილი კანონპროექტით] დაწესდება სანქციები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ კანონის მიღებაში“ ,— აღნიშნავს ჯინ შაჰინი.
სენატორი დემოკრატიული პარტიიდან, რომელიც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრია, ასევე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯები გავლენას მოახდენს ამერიკისა და საქართველოს სამხედრო თანამშრომლობაზეც.
„როგორც იცით, ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი სამხედრო ურთიერთობა მას შემდეგ, რაც [საქართველომ] დამოუკიდებლობა მოიპოვა. გვინდა, ნათლად განვაცხადოთ, რომ ის, რაც ახლა ხდება საქართველოში, გავლენას ახდენს ქვეყნებს შორის ამ სამხედრო ურთიერთობებზეც. მართალია, ეს [ჩვენი] საკანონმდებლო ინიციატივა ცალკეა წარდგენილი, თუმცა ის ასევე აისახა თავდაცვის კანონპროექტზე, რომელიც ახლახან გავიდა შეიარაღებული ძალების კომიტეტში“ ,— ამბობს სენატორი ჯინ შაჰინი.
დემოკრატი სენატორი აქვე განმარტავს, რომ ვაშინგტონის საპასუხო ზომებს ოფიციალური თბილისი უახლოეს პერიოდში იგრძნობს და ეს არ იქნება კარგი „საქართველოს ლიდერებისთვის“.
„იმედი გვაქვს, ეს ძალიან, ძალიან ძლიერი გზავნილი იქნება საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ დადგება შედეგები იმის საპასუხოდ, რასაც ისინი აკეთებენ. ეს გავლენას მოახდენს დახმარებაზე, რომელსაც ისინი იღებენ შეერთებული შტატებიდან და ისეთ გავლენას იქონიებს ურთიერთობებზე, რაც [საქართველოს] ლიდერებისთვის სასარგებლო არ იქნება, მით უმეტეს, როცა მათი მოსახლეობის დიდ უმრავლესობას თვალი დასავლეთისკენ უჭირავს, სურს იყოს ევროკავშირის ნაწილი, იყურება ნატოსკენ და ძალზე დადებითადაა განწყობილი შეერთებული შტატების მიმართ“, — ამბობს სენატორი.
ჯინ შაჰინი იმ საკანონმდებლო ინიციატივის სპონსორია, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას ყველა იმ ინდივიდუალური პირის მიმართ, რომელთა მიერ გადადგმული ნაბიჯები საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზას აშორებს.