ახალი ამბები

EU-ს ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმდნენ

20 ივნისი, 2024 •
EU-ს ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობა ავრცელებს.

„ევროკავშირის ელჩები ახლახან შეთანხმდნენ სანქციების ძლიერ და არსებით პაკეტზე უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის საპასუხოდ. ეს პაკეტი ახალ მიზანმიმართულ ზომებს ითვალისწინებს და ხარვეზების აღმოფხვრის შედეგად, მაქსიმალურად ზრდის არსებული სანქციების ზემოქმედების ხარისხს“, — წერს სოციალურ ქსელ „X“-ზე ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობა.

სააგენტო როიტერსის ცნობით, სანქციების მე-14 პაკეტი კრძალავს რუსული თხევადი გაზის (LNG) რეექსპორტს ევროკავშირის წყლების გავლით, თუმცა ევროკავშირში რუსული გაზის იმპორტი კვლავაც არ იკრძალება განსხვავებით რუსული ნავთობისაგან (ზღვით ტრანსპორტირებული), რომელსაც 2022 წელს შეეხო სანქცია.

როიტერის თანახმად, გაზის მარკეტის ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ ამ სანქციას დიდი გავლენა ვერ ექნება, რადგან რუსეთი აზიაში საკუთარი თხევადი გაზის მხოლოდ 10 პროცენტს ყიდის ევროპული პორტების გავლით.

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა მილსადენის მეშვეობით დღემდე ყიდულობს რუსულ გაზს უკრაინის გავლით.

როიტერსის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნებს შორის დებატები სანქციების ახალ პაკეტთან დაკავშირებით თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და შედეგად შერბილდა კომისიის ერთ-ერთი წინადადება, რომელიც მიმართული იყო სანქციებისგან თავის მეტად არიდების პრევენციისკენ.

გაუქმებული წინადადებით, ევროკავშირის კომპანიების შვილობილი კომპანიები განვითარებად ქვეყნებში იძულებული იქნებოდნენ, აღეკვეთათ მათი საქონლის რეექსპორტი რუსეთში. ევროკავშირი ცდილობს ისეთი ორმაგი გამოყენების ტექნოლოგიების დინების შეჩერებას, როგორიცაა, მაგალითად, სარეცხი მანქანების ჩიპები, რომელთა გამოყენება სამხედრო დანიშნულებითაც შესაძლებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი