პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპეცრაზმის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილსა (ხარება) და ქვემო ქართლის რწმუნებულის პირველ მოადგილეს, გიორგი შინჯიკაშვილს შორის შესაძლო დაპირისპირებაზე განაცხადა, რომ „თუ გამოძიება დასაწყები იქნება, ყველაფერი იქნება“. მან საკითხის ირგვლივ მიმდინარე დისკუსიას „ჭარბი დრამატიზება“ უწოდა და მედია და ოპოზიციური პარტიები ძალადობის რომანტიზებაში დაადანაშაულა.
„თუ სადმე არის რაიმე გამოძიება დასაწყები, ამისთვის არსებობს შესაბამისი უწყებები. ჭარბ დრამატიზებას შეეშვით. ეს შესაბამისი უწყებების საქმეა. თუ დასაწყები იქნება გამოძიება, ყველაფერი იქნება დაწყებული. ძალადობის უამრავ საქმეზე გამოძიება არის დაწყებული. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ნებისმიერ ტიპის ძალადობა უნდა იყოს დაგმობილი, მაგრამ, მე აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ თქვენი ტელევიზიები და თქვენი პოლიტიკური პარტიები ახდენდნენ და დღემდე ახდენენ ძალადობის კონკრეტული ფაქტების რომანტიზებას. ეს არის თქვენი ხელწერა, რაც არის ძალიან ცუდი. ძალადობა შობს ძალადობას“, — განაცხადა კობახიძემ.
15 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სპეციალური დანიშნულების რაზმის ხელმძღვანელს, ზვიად ხარაზიშვილს, იგივე ხარებასა და ქვემო ქართლის რწმუნებულის პირველ მოადგილეს, გიორგი შინჯიკაშვილს შორის დაპირისპირებაა. ამის შესახებ საგამოძიებო სიუჟეტი რამდენიმე ტელევიზიამ მოამზადა.
ტვ „პირველის“ ინფორმაციით, დაპირისპირება ხარებაზე დაქვემდებარებულ პირებს, სპეცრაზმელებსა და შინჯიკაშვილის მფარველობის ქვეშ მყოფ არაფორმალურ ძალადობრივ ჯგუფს შორის მოხდა. დაპირისპირებაში შინჯიკაშვილის პირადად ჩაერია, რის გამოც ხარებამ მასზე შურისძიება გადაწყვიტა. მთავარი არხის ინფორმაციით, შინჯიკაშვილმა და მისმა ჯგუფმა უშუალოდ ხარებას სცემეს. ფორმულას კი წყარო უყვება, რომ დაპირისპირება ერთ-ერთ რესტორანში, უშუალოდ ხარებასა და შინკიჯაშვილს შორის დაიწყო, რაშიც მოგვიანებით მათ დაქვემდებარებაში მყოფი ძალადობრივი ჯგუფები ჩაერთნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის გიორგი შინჯიკაშვილი მიმალვაშია, ხარება კი მას შურისძიების მოტივით ეძებს. ტელევიზიების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ გასულ კვირას, სოფელ მარტყოფში, შინჯიკაშვილის საცხოვრებელ სახლთან, რამდენიმე მანქანა და ათობით ადამიანი იყო მობილიზებული. მათი ცნობით, ისინი რამდენიმე დღე იცავდნენ შინჯიკაშვილის ოჯახს.
ამავე თემაზე: