თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, კიდევ ერთ აქტივისტს, ლერი დარჯანიას დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც დაშავებულის მეგობარი ფეისბუკზე წერს, დარჯანიას დილის 8 საათზე საცხოვრებელ სახლთან 7 პირი დაესხა თავს:
„დღეს დილით, 8 საათისთვის, ჩემს მეგობარს და თანამებრძოლს ლერი დარჯანიას დახვდნენ ოცნების „ტიტუშკები”, დაახლოებით, 7 კაცი და ფიზიკურად გაუსწორდნენ. პოლიტიკური ანგარიშსწორებები არ მთავრდება ქართული ოცნების მხრიდან… იცოდნენ, ლერი მოჭიდავეა, 1 და 2 ქოცი „ტურა” ვერ მოერეოდა, ლერი კარგად იქნება, მაგრამ 26 ოქტომბერს ამაზე ყველა მკაცრ პასუხს მიიღებს“ ,— წერს აქტივისტი დათუნა დანელია.
მისი თქმით, თავდასხმის შემდეგ დარჯანიას კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა.
როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
კითხვაზე, არის თუ არა ამ დროისთვის ვინმე დაკავებული აქტივისტზე თავდასხმის ბრალდებით, უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.