“ის არის ისტორიული პიროვნება, რომლის არაღიარება არაფრით არ შეიძლება. ისტორიული პიროვნება შეიძლება იყოს დადებითიც და უარყოფითიც,”– განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ტყელემაძემ ასევე განმარტა გოგი თოფაძის გუშინდელი განცხადება, სადაც “მრეწველების” ლიდერმა აღნიშნა, რომ “სტალინი მე-20 საუკუნის უდიდესი ქართველია”.
“სტალინის სურათი ყველა კაბინეტში დაიკიდება მალე იმიტომ, რომ ის იყო გენიალური პიროვნება და მე-20 საუკუნეში აღიარებულია. მალე, მალე ყველა მიხვდება, რომ ამ კაცმა დიდი სიკეთე გააკეთა და მთელი მსოფლიო თვლის ერთ-ერთ ყველაზე დიდი პიროვნებად მე-20 საუკუნის,”– განაცხადა გოგი თოფაძემ.
ტყემალაძის განმარტებით კი, თოფაძეს არ უთქვამს, რომ სტალინის სურათი აუცილებლად ყველამ უნდა დაკიდოს:
“გოგი თოფაძეს არ უთქვამს, რომ გინდა თუ არა ყველა უნდა დადოს. მოვა დრო, შეიძლება ისე დაფასდეს სტალინის ღვაწლი, რომ ყველამ ჩამოკიდოს თავის სახლში მისი სურათიო – აი, ეს თქვა და არა ის, რომ ყველამ უნდა ჩამოკიდოას და ა.შ,”– განაცხადა ტყემალაძემ.
კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს დეკლარირებული პოლიტიკაა. საქართველოს მიღებული აქვს კანონი “თავისუფლების ქარტიის” შესახებ, რომლის მიზანთა შორის არის “საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკების, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრა, ასევე საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა”.