ევროკავშირი, თავის შრომის ბაზარზე დეფიციტის შესავსებად, მესამე ქვეყნებიდან სამუშაოს მაძიებელთათვის ონლაინ პლატფორმას, „ნიჭიერების ფონდს“ ქმნის.
ევროკავშირის საბჭო დღეს დათანხმდა კომისიის წინადადებას, რომელიც ევროკავშირის უნარებისა და ნიჭის მობილობის პაკეტის ნაწილია და მიზნად ისახავს კადრების მოზიდვას ევროკავშირის გარედან, ისევე როგორც მობილობის ხელშეწყობას ბლოკის შიგნით.
ევროკავშირის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, „ნიჭიერთა ფონდი“ შეიქმნება, როგორც ონლაინ პლატფორმა, რომელიც ევროკავშირის გარედან სამუშაოს მაძიებელთა პროფილებს შეუსაბამებს დამსაქმებელთა მიერ დეფიციტურ სფეროებში გამოცხადებულ ვაკანსიებს. პლატფორმის მიზანია, ხელი შეუწყოს კვალიფიციური კადრების დაქირავებას მესამე ქვეყნებიდან, გახადოს ევროკავშირის შრომის ბაზარი უფრო კონკურენტუნარიანი და დაძლიოს დეფიციტი ევროპის შრომის ბაზარზე.
მესამე ქვეყნებიდან სამუშაოს მაძიებლებს საშუალება ექნებათ, დარეგისტრირდნენ Talent Pool-ის პლატფორმაზე და მიაწოდონ ინფორმაცია თავიანთი უნარების, კვალიფიკაციის, სამუშაო გამოცდილების და ენის ცოდნის შესახებ. პლატფორმა ასევე შეიცავს ვაკანსიებს ევროკავშირის დამსაქმებლებისგან.
„ევროკავშირის ნიჭიერების ფონდი დაგვეხმარება, გადავლახოთ გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგანან როგორც ევროპელი დამსაქმებლები, რომლებსაც სურთ კადრების მოძიება საერთაშორისო დონეზე, ასევე მესამე ქვეყნის სამუშაოს მაძიებლები. ეს გამოწვევები მოიცავს გაურკვევლობას საზღვარგარეთ მიღებული კვალიფიკაციებისა და უნარების სიზუსტის და ხარისხის შესადარებლად და ამ პროცედურებთან დაკავშირებულ მაღალ ხარჯებს“, — ნათქვამია პრესრელიზში.
ვინაიდან ევროკავშირის “ნიჭიერების ფონდი” გამიზნულია შრომის ბაზრის დეფიციტის პრობლემის მოსაგვარებლად, პლატფორმაზე ჩამოთვლილი იქნება მხოლოდ ის ვაკანსიები, რომლებიც ეროვნულ და ევროკავშირის მასშტაბით დეფიციტურ პროფესიებს შეეხება.
კომისიის წინადადების შესაბამისად, Talent Pool-ში მონაწილეობა ნებაყოფლობითი დარჩება წევრი ქვეყნებისთვის.
საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება საჭიროებს ევროპარლამენტის თანხმობასაც.