გვარამიას განცხადებით, ამ დრომდე, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწუფო უსაფრთხოების სააგემტოს მათთვის არავითარი ახსნა–განმარტება არ გაუკეთებია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის რუსთვი 2–ის ირგვლივ დაყენებული ამდენი სათვალთვალო კამერა, გარდა იმ ზოგადი განცხადებისა, რომ ეს უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე ხდება.
“ეს არის მედიადაწესებულება, შევახსენებ ყველას. აქ შემომსვლელ–გამსვლელთა დაცვის ინტერესი არის ძალიან მაღალი იმიტომ, რომ აქ შესაძლებელია მიმდინარეობდეს იმგვარი შეხვედრები, რომელიც კონფიდენციალობას საჭიროებს, რაც არ ნიშნავს იმას, რომ შეუძლებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე აქ სათვალთვალო კამერების დამონტაჟება, თუმცა დანამდვილებით ნიშნავს იმას, რომ თუ ასეთი რამ ხდება, ეს უნდა იყოს კრიტიკული ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აღემატება მედიის თავისუფალი მუშაობის ინტერესს. ჩვენ დღეს თავისუფლად ვერ ვმუშაობთ. კიდევე რთხელ ვამბობ, ეს არ არის ჩვენთვის, ასე ვთქვათ, დაუძლეველი შეფერხება, თუმცა, თუ ჩვენ ვერ ვიღებთ ვერანაირ ახსნა–განმარტებას, რა თქმა უნდა, შექმნილ ფონზე განსაკუთრებით ჩნდება იმის ეჭვი, რომ ეს ყველაფერი მიმართულია ჩვენ წინააღმდეგ, ჩვენი გადაადგილების საკონტროლებლად, ჩვენთან შემოსული და გასული ადამიანების აღსარიცხავად და შესაძლებელია მათზე ზეწოლის და ზეგავლენის მოსახდენად.
ამიტომ მოვუწოდებთ ორივე სამსახურს, თუნდაც არასაჯარო ვითარებაში, მოხდეს ახსნა–განმარტებების გაკეთება ჩვენი კომპანიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ აქ მოსვლა არის პრობლემა, ჩვენ მზად ვართ, რომ ნებისმიერ დათქმულ დროსა და ადგილას გამოვცხადდეთ, არა მხოლოდ მე, არამედ ჟურნალისტები, და მოვისმინოთ ის ახსნა–განმატრებები, რომელიც დაასაბუთებდა ლეგიტიმურობას აქ განხორციელებული ქმედებების. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ აღნიშნულ ქმედებებს ვიხილავთ, როგორც უფლებამოსილების გადაჭარბებად და არალეგიტიმურ საქციელს კომპეტენტური ორგანოების მხრიდან, რომელიც მიმართულია ჩვენი მედიის წინააღმდეგ,”– განაცხადა ნიკა გვარამიამ რუსთავი 2–ის პირდაპირ ეთერში.
გარდა ამისა, გვარამიამ პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს მოუწოდა, რომ დაინტერესდეს რუსთავი 2–ის საქმით და ახსნა–განმატრებები მოისმინოს ორივე მხარისგან.
რუსთავი 2–ის მიმდებარე ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერების განთავსებისა და 24–საათიანი მონიტორინგის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შაბათს, 24 ოქტომბერს განაცხადა. სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საპატრულო ეკიპაჟები დღე-ღამის განმავლობაში მუდმივად იმორიგევებენ, რათა უზრუნველყონ მოქალაქეების, მათ შორის, ტელეკომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოება და თავიდან აირიდონ მოსალოდნელი პროვოკაციები.