ახალი ამბები

POLITICO ასახელებს, ვინ დაიკავებს ევროკავშირში წამყვან თანამდებობებს

12 ივნისი, 2024 •
POLITICO  ასახელებს, ვინ დაიკავებს ევროკავშირში წამყვან თანამდებობებს

გამოცემა POLITICO-ს ცნობით, თითქმის გადაწყვეტილია, თუ ვინ დაიკავებს ევროკავშირში წამყვან თანამდებობებს.

გამოცემა თავის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირის ტოპ-4 თანამდებობის გადანაწილებაზე კონსენსუსის მიღწევა უჩვეულოდ სწრაფად მოხდა.

POLITICO-ს თანახმად, ევროკავშირში წამყვანი თანამდებობა შემდეგნაირად გადანაწილდება:

  • ევროკომისიის პრეზიდენტი – ისევ გერმანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი იქნება, რომელიც ევროპარლამენტის არჩევნებში პირველ ადგილზე გასული „სახალხო პარტიის“ (EPP) წარმომადგენელია;
  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტი – პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანტონიო კოშტა იქნება, რომელიც ევროპარლამენტის არჩევნებში მეორე ადგილზე გასულ სოციალ-დემოკრატების ალიანსს წარმოადგენს;
  • ევროპარლამენტის პრეზიდენტი –  ისევ მალტელი პოლიტიკოსი, რობერტა მეცოლა იქნება, რომელიც  „სახალხო პარტიის“ (EPP) წარმომადგენელია;
  • ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი –  ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი იქნება, რომელიც ევროპარლამენტში მესამე ადგილზე გასულ Renew Europe-ის (განაახლე ევროპა) წარმომადგენელია.

POLITICO ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ შეთანხმების საბოლოო მონახაზს ევროკავშირის ლიდერები 17 ივნისს არაფორმალურ ვახშამზე შეჯერდებიან, თუმცა ოფიციალური გადაწყვეტილების მიღება 27-28 ივნისს დაგეგმილ ევროპული საბჭოს სხდომამდე არ მოხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი