ახალი ამბები

ბალდის პროტესტის მონაწილე პოლიციამ მუქარის ბრალდებით დააკავა

12 ივნისი, 2024 •
ბალდის პროტესტის მონაწილე პოლიციამ მუქარის ბრალდებით დააკავა

ბალდის კანიონთან მშენებლობის საწინააღმდეგო მოძრაობის ერთ-ერთი წევრი დიკო ბჟალავა პოლიციამ მუქარის ბრალდებით დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ მოძრაობის წევრები ავრცელებენ.

ბალდის კანიონის დაცვის მოძრაობის წევრების თქმით, უწყება ბჟალავას სისხლის სამართლის 151 მუხლით ედავება, რაც მუქარას გულისხმობს. მოძრაობის წევრების თქმით,  გუშინდელ თავდასხმაში მონაწილე პირის მეუღლე მას აბრალებს, რომ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა:

„დაახლოებით 2 საათის წინ , მოტყუებით, დაკითხვის საბაბით პოლიციამ სახლიდან გამოიყვანა მოძრაობის წევრი დიკო ბჟალავა. 2 საათის განმავლობაში ოჯახის წევრებს არ გვქონდა ინფორმაცია მისი ადგილმდებარეობის შესახებ. გაათიშინეს ტელეფონი და პოლიცია არ გვაწვდიდა ინფორმაციას.

დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, პოლიციამ განყოფილებაში შემოიყვანა დიკო ბჟალავა და განგვიმარტა, რომ დაკავებულია სისხლის სამართლის 151-ე მუხლით. გუშინდელი თავდამსხმელის მეუღლე დიკო ბჟალავას აბრალებს სიცოცხლის მოსპობის მუქარას. შეგახსენებთ, რომ მომჩივნის მეუღლე წუხელ საპროტესტო კარავში თავს დაესხა და მრავლობითი დაზიანება მიაყენა პროტესტის ერთ-ერთი მონაწილეს, რომელიც გადაყვანილია ქუთაისში და აქამდე რჩება საავადმყოფოში“, — აცხადებენ მოძრაობის წევრები.

ბალდის კანიონთან დაგეგმილი მშენებლობის მოწინააღმდეგეებს, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა კარვებში აპროტესტებენ შპს „კანიონი 350-ის“ მიერ მიმდინარე სამუშაოებს, თავს გასულ ღამეს დაესხნენ.

როგორც მოძრაობის — „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ — წევრი ცოტნე თვარაძე ამბობს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ორი შეიარაღებული პირი მათ მიეჭრა საპროტესტო კარავში. აქტივისტის თქმით, კარავში შეკრებილებმა თავდამსხმელების განიარაღება შეძლეს და პოლიციაც გამოიძახეს. ამასთან, თვარაძის თქმით, მანამ, სანამ თავდამსხმელები საპროტესტო კარავთან ავიდოდნენ, მათი თანასოფლელი დაჭრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბალდის კანიონთან მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტების დაჭრის საქმეზე გასულ ღამეს ორი პირი დააკავა.

დაკავებულები არიან ძმები – 1979 წელს დაბადებული გ.ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხოლო 1983 წელს დაბადებული გ.ხ. მუქარის ბრალდებით. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი