ახალი ამბები

ივანიშვილი: NDI-ის კვლევის შედეგებს დავარქვი ნაციონალური მოძრაობის სიზმარი

24 ოქტომბერი, 2015 •
ივანიშვილი: NDI-ის კვლევის შედეგებს დავარქვი ნაციონალური მოძრაობის სიზმარი

როგორც ივანიშვილმა ტელეკომპანია იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ”ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) და გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის (IRI) პატივისცემის მიუხედავად, ის უკანასკნელ კვლევას არ მიიჩნევს NDI-ის კვლევად:

 

მე უფრო პირდაპირი ვიქნები, რამეთუ საკმაოდ ბევრი სამუშაო გავწიე ამ მიმართულებით, როდესაც პრემიერი ვიყავი, და იმის შემდეგაც. პირადი შეხვედრებიც მქონდა [ამ ორგანიზაციების] წარმომადგენლებთან, თუ გნებავთ NDI-ის, IRI-ის და ა.შ. მე ამას არ მივიჩნევ NDI-ის კვლევად. NDI არის ჩემთვის ძალიან საპატივცემულო ორგანიზაცია, ისევე როგორც IRI. მათ უამრავი პროექტები განახორციელეს და დააფინანსეს საქართველოში. დღესაც ამას აგრძელებენ და იმედი მაქვს, რომ გააგრძელებენ. შესაბამისად, მე ერთი დადებითი საეჭვო სიტყვაც კი არ მომიბრუნდება ამ ორგანიზაციების მიმართ.”

 

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ამ კვლევებს ატარებენ თურმანიძე და ცქიტიშვილი, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან. მისი თქმით, NDI-ის კვლევის შედეგებს არაფერი საერთო არ აქვს რეალობასთან.

 

”მე მითქვამს ადრე, დღეს უფრო პირდაპირი ვიქნები – ამ კვლევებს NDI-ის შემთხვევაში აწარმოებს თურმანიძე (მე მგონი, ეს არის მაგის გვარი), ისა, რაღაც ქვია მაგის ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია ნაცების მიერ. ისევ ნაცები უნდა ვახსენოთ. IRI-ის კიდევ – ცქიტიშვილი. ესენი არიან ნაციონალური მოძრაობის წევრები ჩვეულებრივი, მათ წიაღში აზრდილები და ეს ორგანიზაციები დააფუძნეს. მე ამ ბოლო კვლევას დავარქვი ”ნაციონალური მოძრაობის სიზმარი”. ”რაც ელანდებოდათ, ის ესიზმრებოდათ”. NDI-ის უდიდესი პატივისცემით მოვიხსენიებ დღეს. მათ აქვთ, რა თქმა უნდა, უდიდესი გამოცდილება და ჩვენს ქვეყანასაც ძალიან დიდ მხარდაჭერას უჩენენ ყველა მიმართულებით. ეს კვლევები, მიუხედავად ჩვენი ბევრი მცდელობისა, საუბედუროდ, დარჩა ამ რანგში. მე არ ვთვლი და არ ვეძახი ამას NDI-ის კვლევებს. ეს არის თურმანიძის კვლევები, რომელიც შეთანხმებული და შეთავსებული აბსოლუტურად ნაციონალურ მოძრაობასთან. ეს არის მათი სიზმარი, რაც აქ დაიდო, და არაფერი საერთო არ აქვს რეალობასთან. ეს არის ჩემი დასკვნა,” – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

ბიძინა ივანიშვილი. 24.10.2015. სქრინი © ტელეკომპანია იმედი
ბიძინა ივანიშვილი. 24.10.2015. სქრინი © ტელეკომპანია იმედი

მასალების გადაბეჭდვის წესი