ახალი ამბები

ესტონეთის პარლამენტმა მიიღო განცხადება ივანიშვილისა და „ოცნების“ წევრების სანქცირების მოთხოვნით

11 ივნისი, 2024 •
ესტონეთის პარლამენტმა მიიღო განცხადება ივანიშვილისა და „ოცნების“ წევრების სანქცირების მოთხოვნით

ესტონეთის პარლამენტმა (რიიგიკოგუმ), 57 ხმით 13-ის წინააღმდეგ მიიღო განცხადება „საქართველოში დემოკრატიის კრიზისის შესახებ“, რომელშიც გმობს საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ქმედებებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებისა და ევროპული ღირებულებების უარყოფის შესახებ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონი შთაგონებულია რუსეთის ფედერაციის ე.წ. უცხოელი აგენტების კანონით, რომელსაც პუტინის რეჟიმი სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის რეპრესირებისთვის იყენებს.

რიიგიკოგუ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს და მთავრობას, დაუყოვნებლივ გააუქმონ მიღებული კანონი, ასევე, შეწყვიტონ ძალადობა დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ, გამოიძიონ ძალის გადამეტების ფაქტები და დაიცვან ადამიანის უფლებები.

ესტონეთის პარლამენტი მიიჩნევს, რომ სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გააუქმებს კანონს და არ დაუბრუნდება ევროკავშირთან შეთანხმებულ რეფორმებისა და დემოკრატიზაციის გზას, ესტონეთმა ევროკავშირის საბჭოში უნდა დაბლოკოს ყველა შემდგომი პროცესი, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს გაწევრიანებასთან, გაყინოს განვითარების თანამშრომლობა სახელმწიფო უწყებებთან და გამოყოფილი თანხები გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისთვის;

პარლამენტის აზრით, აუცილებელია, ესტონეთმა ევროკავშირის საბჭოს შესთავაზოს ბიძინა ივანიშვილის, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებისთვის სანქციების დაწესება, მათ შორის ევროკავშირში შესვლის აკრძალვა. ესტონეთის პარლამენტს ასევე სურს, რომ ესტონეთმა შესთავაზოს ევროკავშირის საბჭოს სანქციების დაწესება საქართველოს ძალოვანი სტრუქტურებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალადობრივ ჩახშობაში, საქართველოს ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიებში.

თუ ეს წინადადება არ იქნება მხარდაჭერილი, რიიგიკოგუს სურს, ესტონეთმა დააწესოს ეროვნული სანქციები, მათ შორის, ესტონეთის რესპუბლიკაში შესვლის აკრძალვა ზემოაღნიშნული პირების მიმართ.

რიიგიკოგუ ასევე საჭიროდ მიიჩნევს, რომ ესტონეთმა მხარი დაუჭიროს ევროკავშირის საბჭოში საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის შეჩერებას, სანამ არ გაუქმდება კანონი საგარეო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.

ესტონეთის პარლამენტში ივანიშვილისა და ხელისუფლების წევრების სანქცირებას ითხოვენ

მასალების გადაბეჭდვის წესი