ახალი ამბები

ივანიშვილი: ვეჭვობ, პრეზიდენტის განცხადება სამოქალაქო დაპირისპირების შექმნას ემსახურებოდა

24 ოქტომბერი, 2015 •
ივანიშვილი: ვეჭვობ, პრეზიდენტის განცხადება სამოქალაქო დაპირისპირების შექმნას ემსახურებოდა

“არავითარი საფუძველი სამოქალაქო დაპირისპირებისა არ არსებობს, არავითარი საფუძველი. პრეზიდენტს უნდა, რომ შექმნას ეს საფუძველი. მისი განცხადება, ეს ეჭვი მაქვს, მისი განცხადება მხოლოდ ამას ემსახურებოდა, რამეთუ რეალური საფუძველი არ არსებობს,”- განაცხადა მან.

 

ივანიშვილის თქმით, პრეზიდენტმა სასამართლოს მიმართ მოწოდებით კანონი დაარღვია. 

 

“აბსოლუტურად უპასუხისმგებლო იყო პრეზიდენტის გამოსვლა და კიდევ ერთი სიურპრიზი შესთავაზა, კიდევ ერთ გაუგებრობაში მოხვდა ეს კაცი. კაცი, რომლსაც კონსტიტუციით ევალება კონსტიტუციური ბალანსი, სასამართლოზე ჯერ როგორ იკადრა, მერე მან დაარღვია კანონი, სხვათა შორის. კანონის სადარაჯოზე მდგომმა თუნდაც თავი მოგვაწონოს, მაგრამ თვითონ არღვევს თავისსავე გამოსვლაში. არ ჰქონდა მას უფლება, მოსამართლეს მიანიშნოს. და ისევე არ ჰქონდა უფლება გააცხადოს ის, რომ რაღაც ხდება და კონსტიტუციური ბალანსი უნდა დაიცვას. სხვათა შორის, ხიდაშელმა უკასუხა ძალიან კარგად, მე უფრო მწვავედაც ვუპასუხებდი. 

 

არაფერი არ ხდება, გარდა ამ 2 000 კაცისა. ახლა 2000 კაცს ნებისმიერ ქელეხზე მოგროვებ. რუსთავი 2 დაათრევს ამ 2 000 კაცს, ამ საცოდავს, ზოგს ფულს უხდის, ზოგი ნათესავია, ზოგი მეგობარია და აწვალებს. არაფერი არ ხდება, რომელ სამოქალაქო დაპირისპირებაზეა საუბარი. ყველაზე დიდი შეცდომა პრეზიდენტმა სწორედ აქ დაუშვა. არავითარი საფუძველი სამოქალაქო დაპირისპირებისა არ არსებობს, ის, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს, სწორედ მათ უნდათ, რომ გააპრავონ ნაციონალური მოძრაობა,   რომელიც დაუძლურებულია და ღებულობს იმას, რაც დათესა და მას არავითარი რესურსი საზოგადოებიდან და არავითარი მხარდაჭერა რეალური არ გააჩნია. აი, მარგველაშვილი სწორედ თავისი განცხადებით ცდილობს, რომ ასე წარმოაჩინოს. რეალურად, არაფერი მსგავსი არ ხდება. ის, ვინც აკეთებს ამ განცხადებებს, სწორედ ნაციონალურ მოძრაობას უჭერს მხარს და სწორედ ეს ჰქონდა მას საფუძვლად. და ნახეთ, მისი განცხადების შემდეგ, 2 საათში ნიუ იორკ ტაიმსი აქვეყნებს და აქებს  პრეზიდენტის განცხადებას. ვისი გაკეთებულია ეს? მარგველაშვილს სად აქვს ამის რესურსი. იაკობაშვილი, რომელიც დღემდე რჩება ელჩად ნაციონალური მოძრაობისა ამერიკაში, ან ვიღაც ამის მსგავსი, ნიუ იორკ ტაიმსში არ არის ასე ადვილი გამოქვეყნება, 5 წუთში აქვეყნებს”.

 

ივანიშვილის განცხადებით, პრეზიდენტს ამ განცხადებაზე განმარტებების გაკეთება მოუწევს. 

ივანიშვილი
ივანიშვილი

გიორგი მარგველაშვილმა 22 ოქტომბერს განაცხადა, რომ ბოლოდროინდელმა პროცესებმა კონსტიტუციური წესრიგის რღვევისა და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობა შექმნა:


“ბოლო დღეებში განვითარებულმა პროცესებმა, რამაც მოახდინა პოლიტიკური კლიმატის ესკალაცია და შემქნა კონსტიტუციური წესრიგის დარღვევისა და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობები. ქვეყნის კონსტიტუციის დაცვა ყველა მოქალაქის მოვალეობაა და პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლების.

 

სამწუხაროდ, მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად მეტი დაძაბულობა შემოიტანა ისედაც რთულ ვითარებაში.

 

მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავოს მძაფრი ნაბიჯებისაგან და მოთოკოს ემოციები. გავუფრთხილდეთ სამოქალაქო მშვიდობას. მოვუწოდებ მოსამართლეს, რომ არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილები, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას.

 

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ახლა ვიწყებ კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან, იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ სამოქალაქო სტაბილურობა, მშვიდობა და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი – კონსტიტუციური წესრიგი ჩვენს ქვეყანაში.” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 



 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი