ახალი ამბები

ევროკავშირი უკრაინას დამატებით 1.9 მილიარდ ევროს გამოუყოფს

11 ივნისი, 2024 •
ევროკავშირი უკრაინას დამატებით 1.9 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი, Ukraine Facility-ის პროგრამის ფარგლებში, თვის ბოლომდე უკრაინას დამატებით 1.9 მილიარდ ევრო გამოუყოფს.

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე (URC 2024) სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს დახმარება დაკავშირებულია ყოვლისმომცველ რეფორმასთან და საინვესტიციო სტრატეგიასთან, რომელსაც უკრაინამ მხარი დაუჭირა.

„უკრაინამ გაატარა ყველა ეს რეფორმა ომის პარალელურად“, — განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაინმა და დასძინა, რომ უკრაინის გეგმა ითვალისწინებს მართლმსაჯულების, ანტიკორუფციულ და სხვა რეფორმებს, რაც საბაზისოა ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობისთვის და ევროკავშირთან დასაახლოებლად.

„უკრაინამ გადადგა ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩვენ განვსაზღვრეთ. ამიტომ, ჩვენ გვჯერა, ევროკავშირმა უნდა დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები ამ თვის ბოლოს. ხარკოვი ევროპაა, უკრაინა ევროპაა და ჩვენი კავშირი თქვენი სახლია“, — მიმართა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

წელს ევროკავშირმა დაამტკიცა უკრაინის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარებას 2027 წლამდე. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, 6-მა მილიარდმა უკვე მიაღწია უკრაინამდე.

„დღეს აქ, ბერლინში, ჩვენს პარტნიორ ბანკებთან ხელს ვაწერთ პირველ შეთანხმებებს 1,4 მილიარდი ევროს ღირებულების ოდენობით, უკრაინაში ინვესტიციების კერძო სექტორიდან მოსაზიდად. ჩვენს პარტნიორ ბანკებს შეეძლებათ მიმართონ ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერას, როდესაც ისინი ინვესტირებას განახორციელებენ უკრაინაში მოქმედ სააქციო ფონდებში“, — განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ივლისში კიევისთვის ხელმისაწვდომი გახდება გაყინული რუსული აქტივების მოგებიდან 1.5 მილიარდი ევრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი