ზუკა ბერძენიშვილი, რომელსაც დღეს, 11 ივნისს, დილით, თბილისში თავს დაესხნენ, ბოჭორიშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. მას ცხვირის მრავალჯერადი მოტეხილობა და სახის რბილი ქსოვილების ტრავმა აქვს.
„პაციენტმა მოგვმართა კლინიკაში თვითდინებით. აღენიშნება ძირითადად სახის მიდამოს რბილი ქსოვილების ტრავმა. ამ ეტაპზე იმყოფება კვლევის პროცესში. დინამიკაში განვსაზღვრავთ მკურნალობის ტაქტიკას“, — თქვა ჟურნალისტებთან ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმმა.
ოპერაციის დაწყებამდე სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა თავად ზუკა ბერძენიშვილმაც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე 1′ მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს. აქამდეც არაერთ აქტივისტსა თუ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს დაესხნენ თავს, თუმცა უწყებას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.
3 ივნისს ზუკა ბერძენიშვილმა ფეისბუზკე დაწერა, რომ უცნობი პირები უთვალთვალებდნენ და ჩაუსაფრდნენ კიდეც. მაშინ,ბერძენიშვილი ოჯახის წევრებთან ერთად გურიაში, სოფელში იმყოფებოდა. ამჯერად მას თბილისში იმ დროს დაესხნენ თავს, როცა სახლიდან სამსახურის მიმართულებით მიდიოდა. მისი თქმით, 3 თავდამსხმელი ზურგიდან მიეპარა და ფიზიკურად გაუსწორდა
თავდასხმამდე დაახლოებით 1 საათით ადრე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლები პარლამენტის წევრებს ურეკავდნენ მუქარით, უპირისპირდებიან პირადად და ემუქრებიან სოციალურ ქსელში. პაპუაშვილმა დაასახელა რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის – ზუკა ბერძენიშვილი და სალომე ნიკოლეიშვილი, და ისინი მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებად მოიხსენია. თუმცა აღსანიშნავია, რომ არც ბერძენიშვილი და არც ნიკოლეიშვილი „სირცხვილიას“ წევრები აღარ არიან.
რუსული კანონის მოწინააღმდეგე არაერთი აქტივისტი, პოლიტიკოსი თუ სტუდენტი სცემეს ჩასაფრებების შედეგად, რასაც წინ უძღოდა სატელეფონო ზარები და მუქარის შემცველი გზავნილები, ოფისებთან კი- შეურაცხმყოფელი წარწერები და პლაკატები. პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუსჯია.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა დიტო სამხარაძემ აღიარა, რომ მედიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და პარტიების ოფისებზე შეურაცხმყოფელი წარწერების უკან მმართველი გუნდი დგას.
ამავე თემაზე: