ახალი ამბები

ივანიშვილი: 100 მილიონ დოლარზე მეტია ხარჯები წამების კადრების გადასაღებად

24 ოქტომბერი, 2015 • 970
ივანიშვილი: 100 მილიონ დოლარზე მეტია ხარჯები წამების კადრების გადასაღებად

ივანიშვილის თქმით, მან არ იცის, არიან თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები წამების კადრების გავრცელებაში ჩართულები, თუმცა ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ ეს არ არის სწორი პროცესი და არ უნდა ხდებოდეს ასე.

 

”მე არ ვიცი, რამდენად არიან ფარული ჩანაწერების საჯაროდ ჩვენების საქმეში ადგილობრივი თვითმართველობის წევრები ჩართულები. ეს არ არის სწორი პროცესი და არ უნდა იყოს ასე. თანამდებობების პირებმა უნდა იცოდენ, რომ ისინი ემსახურებიან ხალხს და თავისი კერძო ინტერესები და პირადი ემოციები უნდა მაქსიმალურად დაიცხრონ. რაც შეეხება კითხვას, რომ ესეთი კადრები გავრცელდა – მე ეს კადრები, სხვათა შორის, არ მინახავს არც ადრე და რაც ვიცი, ხალხის რეაქციიდან გამომდინარე, რამდენად მწვავე კადრები გამოქვეყნდა და დაიდო, სადაც დაიდო. ჩემი დამოკიდებულებაა მარტივი: თვითონ შინაარსზე, რაც არის იქ ჩადებული და როდის ხდებოდა და როგორ ხდებოდა ეს. კარგ მაგალითს შეგახსენებთ – გახსოვთ, როდესაც ხვედელიძე, რომელიც რეალურად ჩვენი შტაბის უფროსი იყო და ჩემთან ძალიან ახლოს იყო, ის იყო მინისტრის პირველი მოადგილე, მან გამოაქვეყნა (ყოველ შემთხვევაში, ესე დაადგინა გამოძიებამ თავის დროზე) რაღაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მიერ იყო გადაღებული და ნახეთ ჩვენი რეაქცია. მე ვიყავი პრემიერ-მინისტრი მაშინ. როგორ დაუზოგავად, როგორ მოვექეცით მაშინ ჩვენი გუნდის წევრს, განსხვავებით ნაციონალური მოძრაობისგან. ეს ერთი გუნდია. მათ თავის თავი რომ შეინარჩუნონ, მხოლოდ ეს არის მათი იდეოლოგია,” – ამბობს ივანიშვილი.

 

როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებით, ქართული ოცნების გუნდია მთელი საზოგადოება. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის დღეს ამტკიცებს, რომ ყველაზე დიდი დანაშაულია ამ კადრების გავრცელება და არა ის, რაც ამის შიგთავსია, რასაც ყოფილი პრემიერი არ იზიარებს. ივანიშვილის თქმით, მისმა გუნდმა დაითვალა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 100 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა წამების კადრების გადასაღებად.

 

”ნახეთ, როგორი თამაშის წესები დავაწესეთ, როცა მოვედით მთავრობაში. არა… ჩვენი გუნდია მთელი საზოგადოება. ჩვენ აგვირჩია ხალხმა თავის დროზე, როდესაც მე ვიყავი პრემიერ-მინისტრი და დღევანდელ მთავრობასაც, მე მგონი, ესე უწევს მუშაობა. ჩვენ უნდა ვემსახუროთ მთელ ხალხს და არა ერთ ერთ გუნდს და ერთ მუშტს. ამისთვისაც საუკეთესო წევრი არ დავზოგეთ ჩვენ. დღესაც ესევე მოხდება – თუ დამტკიცდება და არის ეჭვები, რომ ვიღაც მთავრობის წევრმა, ვთქვათ, ამაში მიიღო მონაწილეობა, გარწმუნებთ, რომ რეაქცია იქნება ადეკვატური. მხედველობაში მაქვს [წამების კადრების] გავრცელება. ახლა დღეს ნაციონალური მოძრაობის მცდელობა, ისევ ამ სიცრუის მანქანის მცდელობის, რომ ყველაზე დიდი დანაშაული არის ამ კადრების გავრცელება და არა ის, რაც ამის შიგთავსია. რა თქმა უნდა, ის, რაც ხდებოდა მაგ დროს, კატასტროფა იყო. ჯერ რომ მოვითვალეთ, 100 მილიონ დოლარზე მეტია ხარჯები იმ კადრების გადასაღებად, ჯგუფი რომ იყო შექმნილი. ამ ფულს ჩვენგან იღებდნენ,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

შაბათს, 17 ოქტომბერს უკრაინის მედიაში გავრცელდა ე.წ. კასრების კადრები, სადაც აღბეჭდილია ადამიანის წამება, რომელიც გადაღებულია საქართველოში.  შსს-მ აღნიშნულ საკითხზე გამოძიება  პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის უკანონოდ გავრცელების მუხლით დაიწყო.

 

პროკურატურის განცხადებით, ადამიანების წამების საქმეზე სასამართლო დავა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს, ამიტომაც გამოძიება ვერ გაანადგურებდა ამ კადრებს,  რადგან გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი იყო.

ბიძინა ივანიშვილი. 24.10.2015. სქრინი © ტელეკომპანია იმედი

მასალების გადაბეჭდვის წესი