ახალი ამბები

მოქალაქის თქმით, დეპუტატ ჯაფარიძესთან დაპირისპირების გამო აეროპორტში დააკავეს

10 ივნისი, 2024 •
მოქალაქის თქმით, დეპუტატ ჯაფარიძესთან დაპირისპირების გამო აეროპორტში დააკავეს

მოქალაქე მარიამ წიწიკაშვილი ამბობს, რომ წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს მას შემდეგ, რაც რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს უთხრა, რომ უნდა რცხვენოდეს რუსული კანონისთვის ხმის მიცემის გამო. ინციდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა.

ვიდეოში, რომელიც წიწიკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, ჩანს, რომ ის დეპუტატს მიმართავს:

„უნდა შეგრცხვეთ ყველგან [რუსულ კანონზე ხმის მიცემის გამო]. მე ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე. თქვენ უნდა იმალებოდეთ, თქვენ უნდა გრცხვენოდეთ. მე ვარ ამაყი იმით, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე და ამ ქვეყანას მივიყვანთ ევროკავშირამდე“.

დეპუტატი მოქალაქეს თავხედს, უზრდელს და გაუზრდელს უწოდებს. მას შემდეგ, რაც მარიამ წიწიკაშვილმა თქვა, რომ ის ემიგრანტი დედის შვილია, დეპუტატმა მას მიმართა სიტყვებით:

„გეტყობა“.

„84-დან ერთ-ერთმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სიმართლე კიდევ ერთხელ მოისმინა. ამჯერად მე ვუთხარი, რომ რუსული კანონით მან და მისმა კოლეგებმა საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავალი დაასამარეს და ამის გამო უნდა რცხვენოდეთ.
ვიქტორ ჯაფარიძე, ერთი მხრივ, თურმე მედგრად ეწინააღმდეგება გლობალური ომის პარტიას, რომლის ზეწოლასაც ვერ უძლებს ამერიკა, NATO და ევროკავშირი, თუმცა მას, როგორც ჩანს, არ შეუძლია მოქალაქისგან საწინააღმდეგო აზრისა და კრიტიკის მოსმენა“, — წერს მარიამ წიწიკაშვილი ფეისბუკზე.
მისი თქმით, მალევე მასთან პოლიცია მივიდა და მას და მასთან ერთად მყოფ კიდევ ერთ მოქალაქეს, ირინა გურგენაშვილს საბუთები ჩამოართვეს. წიწიკაშვილის ინფორმაციით, საბოლოოდ, ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, გურგენიშვილს კი ბორტზე ასვლის საშუალება არ მისცეს.
„ინციდენტის“ ამოწურვიდან მალევე გამომეცხადა პოლიცია. მე და ირინა გურგენაშვილს ჩამოგვართვეს პასპორტები და ერთი საათის განმავლობაში სხვადასხვა უწყების შავებში ჩაცმული წარმომადგენლები ერთი-მეორის მიყოლებით მხოლოდ ჩვენი სამუშაო ადგილით ინტერესდებოდნენ. საბოლოოდ, მე გამომიცხადეს, რომ 166-ე მუხლით, „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის“ საბაბით, როგორც „წვრილმანი ხულიგანი“, დამაპატიმრეს, ირინას გამოუცხადეს, რომ გადაწყვეტილი იყო, ბორტზე არ აუშვებდნენ და გასაფრენი დარბაზი დაატოვებინეს. ჩემი სასამართლო მალევე გაიმართა, თუმცა, დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის მიზნით, პროცესი 19 ივნისამდე გადაიდო“, — წერს მარიამ წიწიკაშვილი სოციალურ ქსელში.
ნეტგაზეთი დამატებითი დეტალებისთვის შსს-ს დაუკავშირდა, თუმცა მათგან პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

ეს არის მეორე შემთხვევა, როცა ვიქტორ ჯაფარიძეს რუსული კანონის მხარდაჭერის გამო მოქალაქეები საჯარო სივრცეში დაუპირისპირდნენ.

28 მაისს, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია, დეპუტატები პარლამენტიდან პოლიციის თანხლებით, სპეცრაზმელების კორდონით გაიპარნენ. გზაში მათ მოქალაქე შეხვდა, რომელმაც რუსული კანონის მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა და შეაგინა. ამ დროს, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მანქანიდან გადმოვიდა, იქვე არსებული მაღაზიიდან ფორთოხალი აიღო, მოქალაქეს ესროლა და გინებით გამოედევნა.

მეორე დღეს, ჯაფარიძე მაღაზიაში ფორთოხლის ფულის დასაბრუნებლად მივიდა, თუმცა მაღაზიის მეპატრონეებმა ის კვლავ გააკრიტიკეს და მიმართეს სიტყვებით: „ფორთოხალი პრობლემა არ არის, თქვენ მომავალი წაგვართვით, ჩემს შვილებს თქვენ მომავალი წაართვით“.

რუსულ კანონის მხარდამჭერ ზოგ დეპუტატს მოქალაქეებმა საჯარო სივრცეში არაერთხელ შეუქმნეს დიკსომფორტი, დაუძახეს „მონა“, „მოღალატე“ და მსგავსი ფრაზები. ისინი მიიჩნევენ, რომ რუსული კანონის მხარდაჭერით პარლამენტარებმა ქვეყნის დასავლურ მომავალს საფრთხე შეუქმნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი