უწყებაში მეტ დეტალს არ აკონკრეტებენ, “იდენტობის” თანამშრომლები კი აცხადებენ, რომ ინგა არახამია კლინიკა “რენესანსის” დირექტორმა, შოთა თარხნიშვილმა სკამიდან გადმოაგდო. მათი განცხადებით, იურისტი “რენესანსში” საკუთარ კლიენტთან ერთად მივიდა, რათა კლინიკის ხელმძღვანელობისთვის მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ იძულებით გადახდილი თანხა მოეთხოვათ.
“იდენტობის” იურისტმა, ნინო ბოლქვაძემ “ნეტგაზეთს” განუმარტა, ორგანზაციას გუშინ მიმართა პირმა, რომელიც კლინიკა “რენესანსში” უფასო პროცედურაზე მივიდა და შემდეგ ვერ გაიხსენა, თუ როგორ მოაწერა ხელი ბანკთან სესხის ხელშეკრულებებს. ნინო ბოლქვაძის განცხადებით, ეს პირი ამბობს, რომ მოატყუეს და არაფრის ყიდვა არ უნდოდა.
“გაბრუებული დაბრუნდა სახლში. 3 000 ლარად მიჰყიდეს შამპუნი. ის არის მარტოხელა დედა და 600 ლარი აქვს ხელფასი, ცხოვრებაში არ უსარგებლია განვადებით,”– ამბობს ნინო ბოლქვაძე.
ნინო ბოლქვაძის თქმით, ადვოკატმა ინგა არახამიამ დაურეკა კლინიკის ხელმძღვანელს, შოთა თარხნიშვლს, რომელმაც უთხრა, რომ კლინიკაში მისულიყვნენ და ხელშეკრულებას გაუუქმებდა.
ბოლქვაძის თქმით, როდესაც არახამია და მისი დაცვის ქვეშ მყოფები კლინიკაში მივიდნენ, მათსა და შოთა თარხნიშვილს შორის შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც თარხნიშვილმა ინგა არახამია სკამიდან გადმოაგდო. მისი განცხადებით, ეს ფაქტი დაფიქსირებულია კამერებზე. იურისტი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევები ჩაუტარდა, მას აქვს დაბეჟილობა და 2 კვირით წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს.