ახალი ამბები

NGO-ები “ობიექტივის” ეთერში წამების ამსახველი კადრების გადაცემის გამო GNCC-ის მიმართავენ

23 ოქტომბერი, 2015 •
NGO-ები “ობიექტივის” ეთერში წამების ამსახველი კადრების გადაცემის გამო GNCC-ის მიმართავენ

არასამთავრობოების განცხადებით, 9 ოქტომბრიდან მედია-კავშირ “ობიექტივის” ეთერში ყოველდღიურად გადაიცემა სამეგრელოში აღმოჩენილი წამების კადრების ფრაგმენტები.

 

“ძალადობის და დანაშაულის მხილება საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, მაგრამ მედიას შეუძლია ეს ფუნქცია აუდიტორიის გრძნობებით მანიპულირების და ადამიანის ღირსების შემლახავი კადრების პერმანენტულად და კამპანიურად გავრცელების გარეშე შეასრულოს. ამგვარი ქმედებები საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას და ძალადობისკენ წაქეზების პირდაპირ საფრთხეს ქმნის, რისი მხილველიც ბოლო დღეებში საზოგადოება გახდა და რამაც შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებას შეუწყოს ხელი,”– აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობო ორგანიზაციები
არასამთავრობო ორგანიზაციები

NGO–ები იმოწმებენ მაუწყებლობის შესახებ კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმად, “იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის.” ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, “იკრძალება პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას.”

 

“არხის წამყვანი ასევე პირდაპირ ეთერში აკეთებს განცხადებებს, რომლითაც ძალადობას ამართლებს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების მიმართ პირდაპირი ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ მოუწოდებს მოქალაქეებს. ვთვლით, რომ ძალადობის ამგვარი წახალისება, რასაც კამპანიური ხასიათი აქვს და სცილდება საზოგადოების პრობლემებზე ინფორმირების ამოცანას, სახიფათოა საზოგადოებისთვის და წარმოადგენს კანონმდებლობის დარღვევას. მოგიწოდებთ, რეაგირება მოახდინოთ აღნიშნულ ფაქტზე,”– აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.


განცხადებას ხელს აწერენ:

 

მედიის განვითარების ფონდი, MDF

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, GDI

ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსი 

საფარი

კონსტიტუციის 42 მუხლი

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, TDI

საქართველოს რეფორმების ასოციაცია, GRASS

იდენტობა

მედია კლუბი

არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი 

საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი (GISS)


მასალების გადაბეჭდვის წესი