ახალი ამბები

აღდგომელაშვილი 17 მაისის საქმის განაჩენზე: ლგბტ ჯგუფის მიმართ დანაშაული დაუსჯელი რჩება

23 ოქტომბერი, 2015 •
აღდგომელაშვილი 17 მაისის საქმის განაჩენზე: ლგბტ ჯგუფის მიმართ დანაშაული დაუსჯელი რჩება

ეკა აღდომელაშვილი ამბობს, რომ ის, რაც მოხდა 17 მაისს, დაუსჯელი დარჩა.

 

“ის, რაც მოხდა 17 მაისს, იმაზე, რის შესახებაც უამრავი ფოტო და ვიდეომასალა და მოწმე არსებობს, აღმოჩნდა, რომ არავინ ისჯება. არავინ დასჯილა იმის გამო, რაც მოხდა 2013 წლის 17 მაისს. 4 ადამიანი ადმინისტრაციული სასჯელით გაათავისუფლეს და ეს ადამიანები უდანაშაულოდ სცნეს. არსებობს საქმეები, რომლებიც განსაკუთრებიულ მიდგომას საჭიროებს, მედიასთან იქნება დაკავშირებული თუ უმცირესობების საკითხებთან. არ ითვალისწინებენ ხოლმე, რა შეიძლება მოყვეს ისეთი ტიპის გადაწყვეტილებებს, ისეთი ტიპის საქმეებს, როდესაც ერთი კი არა, მთლიანი ჯგუფი და საზოგადოება შეიძლება დაზარალდეს ამ გადაწყვეტილებით.”

 

აღდგომელაშვილის თქმით, ბოლო წლებში ლგბტ თემის მიმართ განვითარებულ სამართლებრივ პროცესზე დაკვირვებით, შეიძლება ითქვას, რომ ამ ჯგუფის წარმომადგენელთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული დანაშაულად არ აღიქმება.

 

“ლგბტ ჯგუფის მიმართ ჩადენილი დანაშაულს არათუ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის კვალიფიკაცია არ ეძლევა, არამედ გამოდის, რომ საერთოდ დანაშაულად არ ითვლება, თუ ამ ჯგუფის წევრი დაზარალდება. ბოლო პერიოდში ასეთი ტიპის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები ამაზე მეტყველებს, ქმნის ისეთ ფონს, რომ პრაქტიკულად ლგბტ ჯგუფის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული რჩება დაუსჯელად.”

 

“როდესაც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე ვსაუბრობთ, ძალიან მცდარი წარმოდგენა აქვთ ხოლმე, რომ ეს კონკრეტულად ერთი ადამიანის წინააღმდეგ არის მიმართული, ან მხოლოდ იმ ჯგუფის მიმართ, რომელსაც ეს ადამიანი ეკუთვნის. რეალობაში სრულიად სხვაგვარად არის საქმე, ასეთი ტიპის დანაშაულობები იწვევს საზოგადეობაში სამოქალაქო დაპირისპირებას. ეს არის სხვა დამოკდებულებების, სხვა ღირებულებების საკითხი. ისევე როგორც 17 მაისს არ იყვნენ მხოლოდ ლგბტ თემის წარმომადგენლები. ეს ბევრი ადამიანისათვის სრულიად სხვა საკითხია, რომელიც დაკავშირებულია თანასწორობასთან, სამართლიანობასთან და დემოკრატიასთან. ამიტომაც ასეთი ტიპის დანაშაულზე განსაკუთრებული ყურადღების არმიქცევას, დაუსჯელად დატოვებას მიყავს ხოლმე საზოგადოება ძალიან ცუდ პროცესებამდე, რასაც სამოქალაქო დაპირისპირება ჰქვია”, -ამბობს ეკა აღდგომელაშვილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის ჩატარებისთვის ხელის შეშლის საფუძველზე ბრალდებული პირები უდანაშაულოდ ცნო.

 

მოსამართლემ უდანაშაულოდ ცნო ირაკლი ბასილაია (მცხეთის წმ. იოანეს სახელობის დედათა მონასტრის იღუმენი იოთამი). ირაკლი ბასილაიას 2013 წლის 17 მაისის კონტრაქციაში მონაწილეობის გამო ბრალი წაყენებული ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით, რაც გულისხმობს შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის, ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას – ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

 

ამავე მუხლით წარედგინათ ბრალი ტიტალ დავრიშიანს, ბექა სალუქვაძესა და გიორგი ბასიაშვილს, რომლებიც ასევე გაამართლა სასამართლომ. სასამართლო ბრალდებულდა პირთა სისხლის სამართლის საქმეებს 2 წლის განმავლობაში განიხილავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი