EMC-ის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ინფორმაციის გასაიდუმლოების არსებული პრაქტიკა არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და უახლოეს მომავალში გეგმავენ, რომ მიმართონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს რიგი ინფორმაციისთვის საიდუმლო გრიფის მოხსნის წინადადებით.
2015 წლის ზაფხულში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და 1 აგვისტოდან ცალკე უწყებად ჩამოყალიბდა. EMC აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში თავმოყრილი ძალაუფლების დეკონცენტრაცია მნიშვნელოვან ინიციატივას წარმოადგენდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად რეფორმის პროცესი არასათანდო რეჟიმში და არასრულად წარიმართა.
ორგანიზაციის განცხადებით, რადგანაც სუს–ის საქმიანობის შესახებ ჯერ მხოლოდ მცირე ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, EMC-მ სცადა დამატებითი მონაცემების მოპოვება, რისთვისაც რამდენიმე საჯარო წერილით მიმართა უწყებას.
EMC განცხადების თანახმად, როგორც მიღებული პასუხიდან ირკვევა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დასაქმებული პირების სრული რაოდენობა საჯარო არ არის.
“სამსახურმა 13 ქვედანაყოფიდან მხოლოდ 6 ქვედანაყოფის კადრების რიცხოვნობა მოგვაწოდა. მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სამსახურის თანამშრომლეთა რაოდენობა ასეთია: სამსახურის ადმინისტრაცია – 33 მოსამსახურე; გენერალური ინსპექცია – 38; კადრების მთავარი სამმართველო – 12; ეკონომიკური დეპარტამენტი – 20; ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველო – 146; ანტიკორუფციული სააგენტო – 223.
დანარჩენი 7 ქვედანაყოფის საშტატო რიცხოვნობა საჯარო არ არის. კერძოდ, საიდუმლოა შემდეგი ქვედანაყოფებში დასაქმებული პირების რაოდენობა: საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი; ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი; კონტრდაზვერვის დეპარტამენტი; სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი; კონტრტერორისტული ცენტრი; ოპერატიული ღონისძიებების დეპარტამენტი; სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი.”
გარდა ამისა, EMC–ის განცხადებით, გასაიდუმლოებულია შემდეგი ქვედანაყოფის საქმიანობის მარეგულირებელი დებულებები: კონტრდაზვერვის დეპარტამენტი; სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი; კონტრტერორისტული ცენტრი.
EMC ამბობს, რომ მათ ასევე სცადეს ინფორმაციის მიღება ახლად შექმნილი სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების რაოდენობისა და შესაბამისი დანაშაულების შესახებ. თუმცა, მათი განაცხადებით, სამსახურმა ინფორმაცია არ მიაწოდა და მიუთითა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე არსებულ სტატისტიკურად დამუშავებულ მონაცემებზე. EMC–ის განაცხადებაში აღნიშნულია, რომ შსს–ს მონაცემებით შეუძლებელია ინდივიდუალური სამსახურების მიერ წარმოებული გამოძიებების რაოდენობის დადგენა, რადგან წარმოდგენილი სტატისტიკა საერთო წესით მუშავდება და მასში არ არის დაკონკრეტებული, რომელმა საგამოძიებო დანაყოფმა რამდენი საქმე გამოიძია.
“EMC თვლის, რომ მსგავსი დახურულობის პირობებში ახლადშექმნილი უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობაზე ეფექტური გარე კონტროლის განხორციელება და მისი საქმიანობის კანონიერების შეფასება არსებითად გართულდება. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულების, საქმიანობის გამჭვირვალობისა და საბიუჯეტო სახსრების განკარგვის ღიაობის პროცესს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის ბლანკეტურად და არაპროპორციულად გასაიდუმლოება კი შეუძლებელს ხდის აღნიშნული უწყების საზოგადოებრივ კონტროლს,”– აცხადებს EMC.
ნათელია, რომ EMC-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია (კონკრეტული დეპარტამენტების დებულებები და მათში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა) არ უკავშირდება კონკრეტული ქვედანაყოფების ან მთლიანად სამსახურის საქმიანობის სტრატეგიებსა თუ მეთოდოლოგიებს, არ გულისხმობს ინფორმაციას კონკრეტულ პირებზე, ობიექტებსა და გეგმებზე, ის არ შეიცავს სხვა ისეთ ცნობას, რაც დააზიანებდა ან საფრთხეს შეუქმნიდა საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და სახელმწიფო უშიშროებას.






