ახალი ამბები

კალაძე სანქციებზე: არასერიოზულია ყველაფერი, რაც ხდება, ღიმილის მომგვრელია

7 ივნისი, 2024 •
კალაძე სანქციებზე: არასერიოზულია ყველაფერი, რაც ხდება, ღიმილის მომგვრელია

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გუშინ გამოცხადებულ სანქციებთან დაკავშირებით ამბობს, რომ „ყველაფერი, რაც ხდება, არასერიოზული და ღიმილის მომგვრელია“.

კალაძე აგრძელებს „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულ რიტორიკას და ამბობს, რომ არავის მისცემენ შესაძლებლობას, „საქართველოში ის მოხდეს, რაც უკრაინაში ხდება“ და ამბობს, რომ სანქციებისაც არ ეშინიათ:

„ჩვენ ერთხელ უკვე მოვისმინეთ განცხადებას სანქციებთან დაკავშირებით, გუშინაც გაკეთდა განცხადება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ. არავის არ ეშინია ამ სანქციების, ერთხელ ვთქვით უკვე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ.

ეს არის არასერიოზული ყველაფერი, რაც ხდება. ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი, რაც ხდება. ჩვენ გაცხადებული გვაქვს ჩვენი პოლიტიკა, რომ ვიცავთ ქვეყნის ინტერესს. გვინდა ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, გვინდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, გაძლიერება. გუშინაც ვისაუბრე, მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის იმისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობის გადატვირთვა მოხდეს“, — ამბობს კახა კალაძე.

კალაძისთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება იყვნენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები სანქცირებული:

„თქვენ შეგიძლიათ ახსნათ ერთი მიზეზი, რატომ შეიძლება მმართველი გუნდის წარმომადგენლები იყვნენ დასანქცირებული? ღიმილის მომგვრელია, ღიმილის მომგვრელია უბრალოდ სანქციებზე საუბარი“, — ეუბნება თბილისის მერი ჟურნალისტებს.

კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ვიღაცისთვის შესაძლოა, ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლა- არწასვლა პრობლემას წარმოადგენდეს, თუმცა თავად იგი მათ რიცხვს არ მიეკუთვნება.

„ვიღაცისთვის შეიძლება სადღაც წასვლა ან არწასვლა პრობლემას წარმოადგენდეს, ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, როცა ქვეყანასა და სამშობლოზეა საუბარი“, — ამბობს კალაძე.

ჟურნალისტის დამატებითი კითხვის საპასუხოდ, რომ სანქციები მხოლოდ სავიზო შეზღუდვებს არ ეხება, ამან შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნისთვის შტატების მიერ გამოყოფილი დახმარების შემცირება და სტრატეგიული ურთიერთობების გადახედვა, კალაძე ამბობს, რომ „იმ თანხების უდიდესი ნაწილი ამერიკის აგენტურის დაფინანსებაში მიდის“.

კალაძის აღნიშნული მოსაზრება სინამდვილეს არ შეესაბამება.  1992 წლიდან დღემდე, აშშ საქართველოს 6 მილარდზე მეტი აშშ დოლარით დაეხმარა, დახმარების უდიდესი ნაწილი მოხმარდა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ინფრასტრუქტურის შექმნას, ასევე, განათლების, ჯანდაცვის, მართლმსაჯულების სისტემების განვთარებას.


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში რამდენიმე ათეულ ადამიანს დაუწესა სავიზო შეზღუდვა. ამის შესახებ დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე.

მილერის თანახმად, საუბარია დაახლოებით 20-30 ადამიანზე, რომელთა შორის არიან “ქართული ოცნების” წევრები, პარლამენტარები, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები და კერძო მოქალაქეები.

მილერის თანახმად, შეზღუდვები უწესდებათ მათ, ვინც საქართველოში ჩართული არიან დეზინფორმაციის გავრცელებაში, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ძალადობაში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინების კამპანიაში.

მეთიუ მილერის განცხადებით, ეს არის პირველი ტრანში. მისი თქმით, სავიზო სანქციები უწესდებათ სიაში მოხვედრილების ოჯახის წევრებსაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი