ახალი ამბები

პრემიერის მესიჯები ქართული და უცხოური მედიისთვის რუსთავი 2-ზე

23 ოქტომბერი, 2015 •
პრემიერის მესიჯები ქართული და უცხოური მედიისთვის რუსთავი 2-ზე

პრესრელიზში, რომელიც უცხოურ მედიასაშუალებებს გაეგზავნათ, პრემიერი მედიაპლურალიზმის და “რუსთავი 2″–ის საქმის დეპოლიტიზაციის აუცილებლობაზე საუბრობს:

 

“ჩემი მთავრობა სრულად უჭერს მხარს პლურალისტურ მედიაგარემოს, რაც აისახება ბოლო წლებში საქართველოს წინსვლაში მედიის თავისუფლების რეიტინგებში. ჩემთვის სამწუხაროა, რომ ვხედავ ორ კერძო მხარეს შორის რუსთავი 2–ის მფლობელობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავის პოლიტიზების მცდელობას.

 

ჩვენ მოხარული ვართ, რომ არხის მაუწყებლობა არ შეწყვეტილა სასამართლოში წარმოების პროცესში. გადაწყვეტილება კი დამოუკიდებელი სასამართლოს ხელშია და არ უნდა გახდეს განსჯის საგანი პარტიული და პოლიტიკური მიზნებისთვის.

 

მოვუწოდებ სასამართლოს, რომ უზრუნველყოს სასამართლო პროცესის სრული გამჭვირვალობა და ვიმედოვნებ, რომ საქმე დასრულდება დროულად და ეს მნიშვნელოვანი მედიასაშუალება თავის “ჩვეულ საქმიანობას” დაუბრუნდება.”

 

მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე 22 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ვიდეოში კი ღარიბაშვილი ამბობს: 

 

“ეს არის კერძო დავა ორ სუბიექტს შორის, სააკაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის. ქიბარ ხალვაშმა 3 წლის განმავლობაში ვერ მიაღწია ჩვენს მთავრობასთან, პირდაპირ ვაცხადებთ ამას და ვაღიარებთ, ამ კაცმა ვერ მიაღწია სამართალს, ვერ აღიდგინა დარღვეული უფლებები, წართმეული ქონება ვერ დაიბრუნა. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ასე მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების ჩარევა ნებისმიერი ფორმით ისეთ საკითხებში, რომელიც უკავშირდება მედიის საქმიანობას, არის ყოვლად მიუღებელი,”– განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ტელეკომპანიის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადება პროვოკაციას ჰგავს: “ეს, ერთი შეხედვით, ჰგავს პროვოკაციას, თუმცა, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ უნდა შეისწავლონ ბოლომდე და გამოიძიონ”.

 

ამ ორ სხვადასხვა განცხადებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა საკუთარი ფეიქბუკის გვერდზე დაწერა: “რა სასაცილო მთავრობა გვყავს. საზღვარგარეთ ავრცელებენ პრემიერ-მინისტრის განცხადებას (თან მარტო ელ-ფოსტით, მარტო ვიწრო წრეში), რომელიც არსად საჯაროდ არ დევს. ლობისტებმა დაუწერეს ბატბიძინის თანაშემწეს განცხადება, რომელიც ცივილიზებულად ჟღერს და შეწუხებული საქართველოს მეგობრები უნდა დააწყნაროს. ტექსტის მთავარი აქცენტი ისაა, რომ რუსთავი 2-ის მაუწყებლობას არაფერი ემუქრება – ცხადია, მთავრობის რიტორიკა „სიცრუის ტირაჟირების“ და ძალადობისკენ მოწოდება არაა ნახსენები. ბატონო ბიძინა – გარწმუნებთ – ეს მხოლოდ თქვენს წინააღმდეგ მოქმედებს და ამისთანა არაკომპეტენტურ ფართხალს უბრალოდ აზრი არ აქვს. იმ დიპლომატებს და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს კი, რომლებიც ასეთ ანტისახელმწიფოებრივ და უკანონო საქმიანობაში იღებენ მონაწილეობას, რითაც პირდაპირ ასხამენ პუტინის გეგმებზე წყალს, ვურჩევ კარგად დაფიქრდნენ”.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსმა, სოფო მოსიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ეს არის პრესრელიზი, რომელიც უცხოურ და საქართველოში აკრედიტებულ მედასაშუალებებს გაეგზავნათ. იგი განმარტავს, რომ პრესსამსახური როგორც ქართული, ასევე უცხოური მედიასაშუალებებისთვისაც ავრცელებს პრესრელიზებს.

 

“ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პრესრელიზი, სადაც ციტატებად არის მოყვანილი პრემიერ–მინიტრის გუშინდელ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადებები. ეს არის და ეს. აქ არანაირი რაიმე სხვა სახის ოფიციალური წერილი არ არის, ეს არის მედიისთვის განკუთვნილი პრესრელიზი,”– განაცხადა სოფო მოსიძემ.

 

ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ რატომ არ დაიდო უცხოური მედიისთვის გავრცელებული რელიზი მთავრობის ადმინისტრაციის ვებ–გვერდზე, სოფო მოსიძემ განაცხადა, რომ ეს ვალდებულება პრესსამსახურს არ აქვს.

 

“არანაირი ვალდებულება არ აქვს პრესსამსახურს, რომ პრესრელიზები მუდმივად ატვირთოს ვებგვერდზე. ეს არის განკუთვნილი, როგორც უკვე გითხარით, უცხოური მედიასაშუალებებისთვის, პრესრელიზია. ეს არ არის არანაირი ოფიციალური დოკუმენტი ან ა.შ. აქ არის მოყვენილი მხოლოდ და მხოლოდ ციტატები პერემიერ-მინისტრის განცხადებიდან,”– განაცხადა სოფო მოსიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი