ახალი ამბები

„შემაშფოთებელია“ — ეუთოს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში მედიის შეზღუდვაზე

6 ივნისი, 2024 •
„შემაშფოთებელია“ — ეუთოს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში მედიის შეზღუდვაზე

ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში, ტერეზა რიბეირო შემაშფოთებელს უწოდებს საქართველოს პარლამენტის დეპუტატების გადაწყვეტილებას ჟურნალისტებისთვის — ნინი ბალანჩივაძის, სოფო გოზალიშვილის, ნატა ქაჯაიას და მაკა ჩიხლაძისთვის აკრედიტაციის შეჩერების შესახებ.

„ეს გადაწყვეტილება აფერხებს საჯარო დებატებსა და კრიტიკულ კონტროლს, რაც აუცილებელია დემოკრატიული პროცესისთვის“, — წერს რიბეირო X-ზე.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მოთხოვნით, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ბოლო პერიოდში პარლამენტის აკრედიტაცია შეუჩერეს „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს მაკა ჩიხლაძეს და ნატა ქაჯაიას, „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძესა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სოფო გოზალიშვილს.

შალვა პაპუაშვილის ბრძანების თანახმად, ჟურნალისტი ვალდებულია შეწყვიტოს ინტერვიუ, თუკი რესპონდენტს არ სურს კითხვებს უპასუხოს.

ბოლო დღეებში დეპუტატებმა  — ნინო წილოსანმა, გურამ მაჭარაშვილმა და სოზარ სუბარმა იმ ჟურნალისტებისთვის მოითხოვეს აკრედიტაციის შეწყვეტა, რომლებმაც მათ არასასურველი კითხვები დაუსვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი