ადვოკატები სასამართლო გადადების მიზეზად ასახელებენ ტელეკომპანიის დირექტორის ნიკა გვარამიას 21 ოქტომბერის განცხადებას შანტაჟის თაობაზე და ამ თემაზე პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას.
ადვოკატების თქმით, პროკურატურამ უნდა გასცეს პასუხი იმ კითხვებს, რომლებიც გვარამიას განცხადებამ გააჩინა.
რუსთავი 2-ის მხარის ერთ-ერთი არგუმენტი ასევე იყო ის, რომ ადვოკატები- დიმიტრი საძაგლიშვილი და თამთა დემურიშვილი, რომელიც წარმოადგენენ რუსთავი 2-ის მხარეს სასამართლო პროცესზე, უნდა დაესწრონ ნიკა გვარამიას დაკითხვას პროკურატურაში.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატი სალია არ დაეთანხმა ამ არგუმენტს და განაცხადა, რომ ის პროცესის გაჭიანურებას ისახავს მიზნად.
მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მოპასუხე მხარის არგუმენტებზე მოსამართლემ განაცხადა, რომ რაც შეეხება ნიკა გვარამიას განცხადებაზე გამოძიებას, ეს მართლა მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად დასრულდეს გამოძიება, რადგან ეს სასამართლოს პრესტიჟია, რაც უმთავრესი ღირებულებაა.
თუმცა მოსამართლემ განაცხადა, რომ ამ გამოძიების გამო არ შეიძლება გადაიდოს პროცესი, რადგან ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ასეთი განცხადების გამო შეიძლება გადაიდოს სასამართლო პროცესები.
მოსამართლემ მოპასუხის არგუმენტზე ასევე განაცხადა, რომ მას არა აქვს შესაბამისი დოკუმენტები, რაც დაადასტურებდა, რომ ადვოკატები- დიმიტრი საძაგლიშვილი და თამთა დემურიშვილი წარმოადგენენ ნიკა გვარამიას პროკურატურაში და არიან სისხლის სამართლის სპეციალისტები.