4 ივნისს საღამოს, გორში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დააკავეს რესტო-ბარ Black Stars-ის მფლობელი იოსებ (სოსო) ბაბაევი. ბაბაევი ანტისაოკუპაციო პროტესტის აქტიური მონაწილეა წლების მანძილზე.
როგორც შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, ბაბაევს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნასა და გასაღებას გულისხმობს.
ბაბაევის ინტერესების დამცველი კახა კალმახელიძე, დაკავებულის მონაყოლზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბაბაევი დააკავეს 4 ივნისს, ახლად დაღამებულზე გორის შესასვლელში და დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადვოკატი ჰყვება, რომ პოლიციის ეკიპაჟების მისვლამდე და დაკავებამდე ბაბაევის მანქანას უცხო მანქანა აეკიდა და მოძრაობის საშუალებას არ აძლევდა. კალმახელიძე ამბობს, რომ მანქანიდან გადმოყვანისას ბაბაევს პისტოლეტი “ჩაუდეს” და მის თვალწინვე ჩადეს ავტომატი ბაბაევის კუთვნილი ავტომობილის საბარგულში.
პისტოლეტისა და ავტომატის საკითხზე შსს ამ დროისთვის ინფორმაციას არ ავრცელებს და არც ადასტურებს.
ადვოკატის ინფორმაციით, შსს-ს წარმომადგენლებმა გადაღება უკვე პისტოლეტისა და ავტომატის ჩადების შემდეგ დაიწყეს, როცა დაკავებულის მონათხრობის თანახმად, “ვითომ აღმოაჩინეს” იარაღი.
კახა კალმახელიძე ამბობს, რომ დაკავებულ ბაბაევს შემოახიეს ტანსაცმელი და მას თავზე, სახეზე, ხელებზე დაზიანებები და სისხლჩაქცევები ეტყობა. მისი თქმით, ბაბაევის დაკავება მის პოლიტიკურ შეხედულებებსა და აქტივობას უკავშირდება.
ადვოკატის თქმით, ბაბაევმა მას მოუყვა, რომ დაკავებისას პოლიციელები ეუბნებოდნენ, როგორ არ რცხვენოდა იმ ადამიანების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების გვერდით დგომა, ვისთანაც იდგა.
სოსო ბაბაევი ანტირუსული პროტესტების მონაწილეა, რიგ შემთხვევებში, ინიციატორიც და ხელისუფლებისადმი მწვავედ კრიტიკული განწყობებით არის ცნობილი. მის რესტო-ბარში სანქცირებულებად მოიხსენიება და არ დაიშვება ე.წ. კლანის ის 4 მოსამართლე, რომელთაც სანქციები აშშ-მა გასული წლის აპრილში დაუწესა.