უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან 200–მდე სტუდენტი იყო შეკრებილი. სტუდენტური თვითმმართველობის წევრები აცხადებენ, რომ ვლადიმერ პაპავას მმართველობის პირობებში უნივერსიტეტი ვერ განვითარდა. მათ ვლადიმერ პაპავას “კორუმპირებული” უწოდეს.
სტუდენტური თვითმმართველობის წევრები რექტორს მათთან შესახვედრად ვადას საღამოს 10 საათამდე აძლევენ და აცხადებენ, რომ თუ ამ დროში მათ პაპავა არ შეხვდება, სხვა ზომებს მიმართავენ.
სტუდენტების მოთხოვნებს პაპავამ მედიის საშუალებით უპასუხა:
“მე არასდროს მქონია სტუდენტებთან ურთიერთობის პრობლემა, არც ახლა არ მაქვს. აბსოლუტურად ღია ვარ. რაც შეეხება თუკი რაიმე დარღვევა არის, ამისთვის არსებობს ორგანოები, ვინც უნდა მოვიდეს, შეისწავლოს, ჩვენ მზად ვართ, ღია ვართ და ყველაფერზე მსად ვართ, ვაგოთ შესაბამისი პასუხი,”– განაცხადა პაპავამ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობამ რექტორის წინააღმდეგ აქცია გუშინ, 20 ოქტომბერსაც გამართა.
სტუდენტური თვითმმართველობა დოქტორანტურის სტუდენტებისათვის სწავლის გადასახადის მოხსნას, ინფრასტრუქტურისა და ჰიგიენური პირობების მოწესრიგებას, ადმინისტრაციის რეორგანიზებას, ბიუჯეტის გადახედვას, უღირსი და არაპროფესიონალი ლექტორების უნივერსიტეტიდან დათხოვნას, ლიტერატურის თარგმნასა და ინგლისური ენის სწავლების დაწყებას სერიოზულ დონეზე, ტენდერებისა გამჭვირვალობას, უნივერსიტეტის დეცენტრალიზებასა და გადაწყვეტილებების მიღებისას სტუდენტების მეტ ჩართულობას ითხოვენ.
აქცია სახელწოდებით “სტუდენტების ბრძოლა უნივერსიტეტის გადასარჩენად” 19 ოქტომბერს Facebook-ით დაიგეგმა, მას შემდეგ, რაც სტუდენტური თვითმმართველობის შეხვედრამ უნივერსიტეტის რექტორ ვლადიმერ პაპავასთან ხმაურის ფონზე ჩაიარა.