ახალი ამბები

გიორგი პაპუაშვილი: სამართალდამცავებს მოსამართლეების მიმართ მუქარაზე რეაგირება არ აქვთ

21 ოქტომბერი, 2015 •
გიორგი პაპუაშვილი: სამართალდამცავებს მოსამართლეების მიმართ მუქარაზე რეაგირება არ აქვთ

პაპუაშვილის განცხადებით, ამგვარმა ქმედებებმა განსაკუთრებით ორგანიზებული და პერმანენტული ხასიათი ბოლო პერიოდის განმავლობაში მიიღო.


წერილში საუბარია 2014 წლის 11 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან გამართული აქციის ფარგლებში გაკეთებულ მუქარის შემცველ განცხადებების შესახებ, რომლებიც უკავშირდებოდა უშუალოდ სასამართლოს საქმიანობას, აქციის მონაწილენი მოითხოვდნენ მათთვის სასურველი  გადაწყვეტილების მიღებას, რა დროსაც ზიანი მიაყენეს სასამართლოს საკუთრებას, ამაზე კი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რაიმე ფორმით რეაგირება არ მომხდარა.


გარდა ამისა, წერილის თანახმად, შემაშფოთებელია 2015 წლის 6 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან გამართულ აქციაზე ზოგიერთი პირის მიერ სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ  გაკეთებული მუქარისა და ანგარიშსწორების შემცველი განცხადებები.

 

„ზემოთ ხსენებული კანონდარღვევის ფაქტზე რეაგირების მოხდენის მოთხოვნით, 2015 წლის 7 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ  წერილობით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, ბატონ გიორგი ბადაშვილს და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს,  თუმცა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რაიმე ფორმით რეაგირება ამ შემთხვევაშიც არ მომხდარა,  მიუხედავად იმისა, რომ წერილობითი მიმართვიდან უკვე გასულია 6 თვეზე მეტი,”- აღნიშნავს  საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.  


გარდა ამისა, საუბარია იმ რეაქციების შესახებაც, რომელიც მოჰყვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. წერილის თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ზოგიერთი ჯგუფების მხრიდან განხორციელდა მიზანმიმართული ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე, მოსამართლეებზე და მათი ოჯახის წევრებზე. მოსამართლეთა საცხოვრებელ სახლებთან საპროტესტო აქციებს აწყობდნენ ადამიანთა ჯგუფები, ისროდნენ სხვადასხვა საგნებს მათი საცხოვრებლების მიმართულებით, მოსამართლეთა მიმართ გაკეთდა მუქარის შემცველი განცხადებები და ფიზიკური ანგარიშსწორების პირდაპირი მოწოდებები.


„აღნიშნულ საკითხებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ბევრჯერ გაკეთდა განცხადება, მოსამართლეებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტები დაგმეს საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა. ყოველივე ამის მიუხედავად, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მომხდარა,“ – ხაზგასმით აღნიშნავს წერილში გიორგი პაპუაშვილი.

პაპუაშვილის განცხადებით, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, მოსამართლეების და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოების დაცვა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი მოვალეობაა.


“აღნიშნულის საპირისპიროდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ განხორციელებული კანონდარღვევების ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აშკარა გულგრილობა და უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან  აღნიშნული საკითხის რეაგირების გარეშე დატოვება ქმნის განცდას, რომ  საქართველოს სახელმწიფო არღვევს მასზე დაკისრებულ მოსამართლის დამოუკიდებლობის დაცვის კანონისმიერ ვალდებულებას. ყოველივე ეს ართულებს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებელ და უსაფრთხო პირობებში საქმიანობას,  რაც საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სრულყოფილ განხორციელებას,” –  აღნიშნავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

მასალების გადაბეჭდვის წესი