ადგილობრივი მედიის ცნობით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა რესპუბლიკის [დე ფაქტო] ყველა სამართალდამცავ უწყებას საპარლამენტო არჩევნების პერიოდში გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობა დაავალა.
“ჩვენ ვამჩნევთ, რომ ცალკეული პოლიტიკური ძალები სხვადასხვა სახის დეზინფორმაციას ავრცელებენ. კერძოდ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კენჭისყრის დღეს სახელმწიფო საზღვარი საქართველოსთან ღია იქნება. საგუშაგოები იმუშავებს რეგულარული განრიგის მიხედვით და გადაადგილება 20 ივნისამდე შეიზღუდება. სასაზღვრო სამსახურს ვავალებ გადავიდეს საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერებულ დაცვაზე”, – თქვა გაგლოევმა.
გარდა ამისა, მისი მტკიცებით, “დასავლეთის ქვეყნების დაზვერვის სამსახურები დაჟინებით ცდილობენ არჩევნების ჩაშლას, სხვადასხვა შესაძლებლობების, მათ შორის ინფორმაციული საშუალებებითა და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით”.
“ზოგიერთი მათგანი არჩევნების ჩაშლის მიზნით დემარშისკენ მოუწოდებს. სხვები კი მოუწოდებენ ყველას საწინააღმდეგოდ ხმის მიცემისკენ. თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ ვითარებაში, კანონის დაცვით. ყველა დარღვევა, არ აქვს მნიშვნელობა ვისგან მოდის, უნდა აღიკვეთოს”.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები 9 ივნისს გაიმართება.