ახალი ამბები

საქართველოს ევროპული ამბიციებისთვის კიდევ ერთი წითელი დროშაა – როთი ჰომოფობიურ ცვლილებებზე

4 ივნისი, 2024 •
საქართველოს ევროპული ამბიციებისთვის კიდევ ერთი წითელი დროშაა – როთი ჰომოფობიურ ცვლილებებზე

გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტი, რომელიც ლგბტ ადამიანებს უფლებებს უზღუდავს, ევროკავშირის გზაზე საქართველოსთვის კიდევ ერთი წითელი დროშაა.

ამის შესახებ გერმანელი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

„უცხოეთის აგენტების შესახებ კანონით“ კრიტიკულ სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმის შემდეგ, საქართველო მთავრობა მიზანში იღებს სექსუალურ უმცირესობებს.

რუსული სტილის ზომები ლგბტ ადამიანების შესაზღუდად არის საქართველოს ევროკავშირის ამბიციებისთვის კიდევ ერთი წითელი დროშა. მმართველმა პარტიამ უნდა შეწყვიტოს საქართველოს მომავლის გამანადგურებელი ინიციატივები“, – წერს მიხაელ როთი.


საპარლამენტო უმრავლესობა აინიციირებს კანონპროექტს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“.

ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებების გაგრძელება, რომლითაც „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ “ლგბტ პროპაგანდას” ებრძვის, რეალურად კი ლგბტ თემს უფლებებს უზღუდავს, ასევე -აწესებს ცენზურას. მმართველ პარტიას საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციის შესაცვლელად საკმარისი მანდატები (3/4) არ აქვს, ამიტომ პაპუაშვილი ამბობს, რომ მასთან ერთად საკანონმდებლო ცვლილებებსაც აინიციირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი