ახალი ამბები

„ოფისში მოგვივარდა გომელაურის “მილიცია” და ცდილობენ სამუშაო პროცესში ხელშეშლას“ – ენმ

3 ივნისი, 2024 •
„ოფისში მოგვივარდა გომელაურის “მილიცია” და ცდილობენ სამუშაო პროცესში ხელშეშლას“ – ენმ

„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის განცხადებით, დღეს, 3 ივნისს, პარტიის ცენტრალურ ოფისში კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებიც აგრესიულად იქცეოდნენ და მათ სამუშაო პროცესში ხელის შეშლას ცდილობდნენ, რის გამოც მათ შენობა დაატოვებინეს.

შემთხვევა დღეს, 3 ივნისს, მოხდა.

როგორც ენმ-ის პრესსამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, პოლიციელები ვიდეოკადრებსა და ოქმზე ხელის მოწერას სთხოვდნენ. პრესსამსახურის განცხადებით, პარტიაში ოქმზე ხელი არ მოაწერეს, რადგან ეს მათი უფლებაა.

„100-მდე შეიარაღებული, ნიღბიანი ბანდიტი, ტიტუშკა ივანიშვილის დავალებით თავს დაესხა ენმ-ის ცენტრალურ ოფისს, რა დროსაც პარტიის თავმჯდომარე თანამშრომლებთან და არასრულწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. 100- მდე ბანდიტი ცდილობდა ოფისში შეჭრას და ფიზიკურ ანგარიშსწორებას. მე-3 დღეა და ერთი პირიც არ არის დაკავებული, როცა თავად “ოცნება” ადასტურებს, რომ მათი ორგანიზებით ხდება ოფისებზე თავდასხმა. ამის პარალელურად, გომელაურის “მილიცია” მოვარდა ცენტრალურ ოფისში და ახლა ესენი ცდილობენ სამუშაო პროცესში ხელშეშლას და თითქოს გამოძიებას ატარებენ. შეგახსენებთ, ექსპერტებმა ყველა ნივთი – შუბი, რკინის ხელკეტები და ა.შ. ამოიღეს და წაიღეს. გამოძიება დაიწყეს მინის დაზიანებისთვის, ნაცვლად იმისა, რომ ბანდიტიზმის, 224-ე მუხლით აღეძრათ საქმე“, – აცხადებენ ენმ-ში.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიცია ენმ-ის ოფისში საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში იმყოფებოდა. ენმ-ის ოფისში დღეს მომხდარ ინციდენტზე უწყებისგან დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ენმ-ის ცენტრალური ოფისი თბილისში, რომელიც აეროპორტის გზაზე, კახეთის გზატკეცილზე მდებარეობს, ივნისს ღამით ხელკეტებით და ქვებით შეიარაღებულმა ათეულობით ადამიანმა დაარბია.

მასალების გადაბეჭდვის წესი